logo
ENG



რა ფორმით გადაეცემათ ტელეკომპანიის წილი ფორმულას თანამშრომლებს

12 მაი 202320:26
3 წუთის საკითხავი
 

ტელეკომპანია ფორმულას გენერალური დირექტორი, ზუკა გუმბარიძე აცხადებს, რომ თანამშრომლებისთვის წილების გადაცემის პროცესი დაიწყო. 

გუმბარიძის თქმით, ტელეკომპანიის თანამშრომლები დააფუძნებენ ა(ა)იპ-ს, რომელშიც 40 ადამიანი იქნება გაერთიანებული. უკვე არჩეული არიან ორგანიზაციის გამგეობის წევრები და გამგეობის თავმჯდომარე - ნინო ჟიჟილაშვილი. ტელეკომპანიაში ჩამოყალიბდება ბორდი, რომელშიც სხვა დამფუძნებლებთან ერთად იქნება წარმოდგენილი გამგეობის თავმჯდომარეც.

"ამ გადაწყვეტილების შედეგად, ქართულ მედიასივრცეში პირველად დაფიქსირდება პრეცედენტი, როდესაც მედიაში სადამფუძნებლო სისტემა იქნება ისეთი, რომ ვერც ერთი დამფუძნებელი ვეღარ შეძლებს ერთპიროვნულად გადაწყვეტილების მიღებას და შესაბამისად დანაპირები, რომელიც ჩვენ სამი კვირის წინ გავაკეთეთ, სისრულეში მოყვანილი იქნება.

ამასთანავე, ჩვენ გვაქვს ინფორმაცია და გამოცდილება, რომ ხელისუფლება ეცდება ამ პროცესის შეყოვნებას და პროცესი იქნება შეჩერებული იუსტიციის სახლში და არ მოხდება დარეგისტრირება წილისა, ამის მიზეზი გახდება ის, რომ დავით კეზერაშვილის პირადობასა და პასპორტს ვადა აქვს გასული და, სამწუხაროდ, ხელისუფლება არ აძლევს მას საშუალებას, რომ ეს პასპორტი აღდგეს. ამის მიზეზი ცხადია არის ის, რომ ხელისუფლებას არ სურს, სისრულეში მოვიდეს არხის დამფუძნებლისა და თანამშრომლების საერთო გადაწყვეტილება წილის განკარგვასთან დაკავშირებით. ეს პასპორტი არის საჭირო მხოლოდ იმისათვის, რომ მოხდეს წილის გადაფორმება არხის თანამშრომლებისთვის. მიუხედავად ამ ყველაფრისა, ყველაფერი მოგვარდება. მიუხედავად ყველაფრისა ჩვენ მაინც, ამ გარიგებას დავარეგისტრირებთ ნოტარიულად და ეს გარიგება აუცილებლად მოიპოვებს იურიდიულ ძალას, ავტომატურად, როდესაც მოხდება ამ პრობლემის მოგვარება. ", - თქვა გუმბარიძემ.

ნინო ჟიჟილაშვილი გამგეობის თავმჯდომარე ერთი წლის განმავლობაში იქნება. როგორც ის ამბობს, ფორმულას გუნდს აქვს გადარჩენის გამოწვევა და ამ გადარჩენის პროცესში მაღალი მედიასტანდარტის შენარჩუნების გამოწვევა.

"ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ გვექნება შესაძლებლობა დამფუძნებლების დონეზე დავსვათ ყველა საკითხი. თქვენ იცით, რომ ჩვენს დამფუძნებელთან არის კითხვის ნიშნები, დავით კეზერაშვილთან, რომელმაც თავისი წილის ნახევარი გაუყო თავის გუნდს, რა თქმა უნდა, ეს კიდევ დამატებითი გამოწვევაა ჩვენთვის. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ სასამართლო ამ პროცესს ისე დაასრულებს, რომ ჩვენ ამ პროცესიდან გამოვალთ სრულიად წელგამართულნი თუმცა რაკიღა პროცესს თან ახლავს რეპუტაციული ზიანი ჩვენი არხისთვის და ზოგადად მედიისთვის. ამიტომ ჩვენ მოგვეცა შესაძლებლობა, რომ აი, ამ ფორმატით ვიყოთ უფრო წელგამართულნი სასამართლო პროცესების დასრულებამდე თქვენს წინაშე. 

ჩვენ ყველანი ვართ შეთანხმებული იმაზე, რომ მიუხედავად იმისა, რა რთულ მდგომარეობაში ვართ ახლა, მაინც განვაგრძოთ გზა, რომელსაც ჰქვია ძალიან კეთილსინდისიერი სამართლიანი, ყველა სტანდარტის დამცველი მედიასაშუალების გზა. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება არ გვაძლევს საშუალებას, რომ ვიყოთ ისეთი მოთამაშე მედიაბაზარზე, როგორიც უნდა იყოს დემოკრატიულ სისტემებში. როგორც იცით, ჩვენთან არ დადიან სტუმრად ხელისუფლების წარმომადგენლები, რაც არ გვაძლევს სრულფასოვან საშუალებას, რომ თქვენ მათი მოსაზრებები შემოგთავაზოთ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ხშირად გვესხმიან თავს, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს ჟურნალისტებს აქვთ მუდმივი ზეწოლის პრობლემა და ჩვენი არხის დახურვის საფრთხისა და წილის წაღების საფრთხის წინაშე, მაინც ვიღებთ გადაწყვეტილებას, არაფრით გადავუხვიოთ ჟურნალისტურ სტანდარტს.", - განაცხადა ჟიჟილაშვილმა.


close დახურვა