შაბათის ფორმულას ინფორმაციით, ციხის სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის, თამთა დემურიშვილის ქონება ბოლო პერიოდის განმავლობაში საგრძნობლად არის გაზრდილი. დემურიშვილი სწორედ ის პიროვნებაა, რომელმაც მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაარწმუნა, რომ რუსთავის ციხეში ექიმების რეკომენდაციით უნდა მიეღო საკვები დანამატები. სწორედ ამის შემდეგ, ააგო ქართულმა ოცნებამ დისკრიმინაციული კამპანია სააკაშვილის წინააღმდეგ - "მიშა ჭამს".
თამთა დემურიშვილის ძებნა შაბათის ფორმულას გადამღებმა ჯგუფმა წოდორეთიდან დაიწყო. ბოლოს 2018 წელს შევსებული დეკლარაციით, ის ბინებს თბილისში და წოდორეთში მხოლოდ მიწის ნაკვეთს ფლობს. ციხის სამკურნალო დაწესებულების ხელმძღვანელმა 2 წელში წოდორეთში, ყველაზე მაღალ ადგილას 500-მდე კვადრატული მეტრის აგარაკი ააშენა. ბოლო 2 წელიწადში, ჩაასხა ტონობით ბეტონი და მაღალი კედლით შემოღობა 1500 კვადრატული მიწის ნაკვეთი.
წოდორეთის აგარაკის მსგავსად თამთა დემურიშვილი ფლობს 68 კვადრატულ ბინას - ქავთარაძის დრიმ თაუნში. ოფიციალური დოკუმენტაციით დგინდება, რომ მან ეს ქონება 2015 წელს შეიძინა, ერთ წელიწადში რაც სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის უფროსი გახდა.
კიდევ ერთი ბინა, რომელსაც დემურიშვილი ფლობს იპოდრომთან მდებარეობს. აქ ციხის სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის საკუთრებაში 63 კვადრატული ფართობის ბინაა, რომელსაც ის 2004 წლიდან ფლობს. იმ დროს თამთა დემურიშვილი ოფიციალურად თბილისის მერიაში მუშაობდა - ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამსახურში. მისი ხელფასი 120 ლარით, ხოლო პრემია დანამატი 180 ლარით განისაზღვრა.
შაბათის ფორმულასთან საუბარში ციხის სამედიცინო სამსახურის ხელმძღვანელი დაჟინებით გვიმტკიცებს, რომ ციხის კლინიკა თითქმის საუკეთესოა საქართველოში. ამ განცხადებიდან 12 საათში სააკაშვილმა გონება დაკარგა და ციხის რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანეს.