logo
ENG



რა შემთხვევაში შეძლებს აბიტურიენტი გამოცდაზე პირბადის მოხსნას - გამყრელიძის განმარტება

02 ივლ 202014:21
3 წუთის საკითხავი
 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების წესთან დაკავშირებით ისაუბრა.

გამყრელიძემ განმარტა, რა შემთხვევაში არ იქნება აბიტურიენტი ვალდებული, რომ პირბადე გამოიყენოს.

„აბიტურიენტებს ჰქონდათ წუხილი იმასთან დაკავშირებით, რომ პირბადით მუშაობა სამი-ოთხი საათის განმავლობაში არის შემაწუხებელი და მათი კონცენტრაცია აზროვნების ამ დროს შეიძლება გაიფანტოს. ეს არგუმენტი ნაკლებად დამაჯერებელია, მაგრამ აქაც გამოინახა კომპრომისი. პირბადის ხმარება რეკომენდირებულია დახურულ შენობებში ყველგან, მათ შორის აბიტურიენტი უნდა შევიდეს პირბადით გამოცდაზე. საგამოცდო ბილეთის აღების დროს, კომისიის წევრებსა და ზედამხედველებთან კონტაქტისას, აუცილებელია, როგორც აბიტურიენტებს, ასევე ყველა იქ მყოფ ადამიანს ეკეთოს პირბადე.

როდესაც მიდის აბიტურიენტი და ჯდება მაგიდასთან, მაგიდები იცით რომ არის უფრო მეჩხერად. შარშან თუ შეიძლებოდა ერთ ოთახში ყოფილიყო 20 მაგიდა, წელს ეს შემცირებულია. მაგიდებს შორის მარცხნივ და მარჯვნივ არის მინიმუმ 2 მეტრი დისტანცია და მაგიდებს შორის წინ და უკან არის დაახლოებით 1 მეტრი და დეზობარიერი. მაგიდასთან დაჯდომის დროს, ჩვენ ვუშვებთ შესაძლებლობას, რომ აბიტურიენტს თუ არ უნდა, რომ ატაროს პირბადე, შეუძლია მოიხსნას წერის დროს, მაგრამ თუ დაუძახებს გარკვეული საკითხის გასარკვევად ზედამხედველს, აუცილებელია ესაუბროს მას პირბადით. თუ უნდა საპირფარეშოში გასვლა, უნდა ეკეთოს პირბადე. ასევე უნდა გამოიყენონ პირბადე მაშინ, როდესაც ნაწერს ჩააბარებენ. ვიმეორებ, მხოლოდ მაგიდასთან მუშაობის პროცესში შეუძლიათ მოიხსნან პირბადე“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

მან ასევე კონდიცირების საკითხზე გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ კონდიციონერების ჩართვა გამოცდის დაწყებამდე მოხდება, ამის შემდეგ, კი აუდიტორიის ფანჯრები გაიღება. გამყრელიძის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ოთახში ტემპერატურა 30 გრადუსს გადააჭარბებს, კონდიციონერს გარკვეული დროის განმავლობაში ისევ ჩართავენ, თუმცა ამ დროს აბიტურიენტებს პირბადის გამოყენება მოუწევთ.

„რაც შეეხება კონდიცირებას, გამოცდების დაწყების წინ ხდება კონდიცირება. შემდგომ გაითიშება და ფანჯრები გაიღება და გამოცდის პერიოდში ღია იქნება. ყველა ოთახში იქნება ტემპერატურის საზომი მოწყობილობა და თუ შიდა ტემპერატურა 30 გრადუსს მიაღწევს, მაშინ გარკვეული პერიოდულობით ჩაირთვება კონდიცირება. თუმცა, კონდიცირების ჩართვის დროს აბიტურიენტებმა ისევ უნდა გამოიყენონ ნიღაბი. ეს არის ის მარტივი პროცედურა, რომელიც აუცილებელია, რომ დავიცვათ ეროვნული გამოცდების ჩატარების დროს“, - განაცხადა გამყრელიძემ.


close დახურვა