logo
ENG



რა წერია აშშ-ის საელჩოს სასამართლო სისტემის რეფორმის რეკომენდაციებში - ფორმულას ექსკლუზივი

16 აგვ 202216:33
3 წუთის საკითხავი
 

ფორმულამ ექსკლუზიურად მოიპოვა სასამართო სისტემის რეფორმის შესახემ რეკომენდაციების დოკუმენტი, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ პარლამენტს, სასამართლოს, სამოქალაქო საზოგადოებას და მართლმსაჯულების სისტემის სხვა დაინტერესებულ პირებს წარუდგინა.  

არსებული რეკომენდაციები ითვალისწინებს ვენეციის კომისიის, ეუთოს, ევროპის მოსამართლეთა საკონსულტაციო საბჭოსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მოსაზრებებს

"იმედი გვაქვს, რომ რეკომენდაციები დაეხმარება პარლმანეტს საკანონმდებლო ცვლილებების შემუშავების პროცესში, რომელთა მეშვეობითაც გაუმჯობესდება სასამართლო სისტემის გამჭვირვალობა, ეფექტიანობა და ანგარიშვალდებულება, ასევე, გაიზრდება საზოგადოების ნდომა ამ ინსტიტუტის მიმართ."- წერია დოკუმენტში. 

ფორმულას მიერ მოპოვებულ დოკუმენტში მოცემულია როგორც ზოგადი რეკომენდაციები სასამართლო სისტემის შესახებ, ასევე რეკომენდაციები, რომლებიც ეხება იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, უზენაეს და საკონსტიტუციოსასამართლოს,  ქვემდგომ სასამართლოს და ასევე იუსტიციის უმაღლეს სკოლას. 

"სასამართლოს ხელმძღვანელ პირთა წევრობა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში: იმისათვის, რათა თავიდან იქნას აცილებული ძალაუფლების კონცენტრაცია მოსამართლეთა მცირე ჯგუფის ხელში და შემცირდეს რამდენიმე ადმინისტრაციულ და ხელმძღვანელ პოზიციაზე მყოფ მოსამართლეთა ზეგავლენა სასამართლო სისტემაზე, კანონში უნდა შევიდეს ცვლილება და სასამართლოს თავმჯდომარეს, თავმჯდომარის მოადგილეს, კოლეგიისა და პალატის თავმჯდომარეს შეეზღუდოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არჩევის შესაძლებლობა."- ნათქვამია აშშ-ის საელჩოს დოკუმენტში. 

ასევე დოკუმენტში ნათქვამია, რომ კანონმდებლობამ უნდა გაზარდოს პარლამენტის მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლის არჩევისთვის საჭირო ხმების მინიმალური რაოდენობა, ამჟამინდელი უბრალო უმრალესობიდან (76 ხმა) 90 ხმამდე, იგივე, რაც საჭიროა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არამოსამართლე წევრის დანიშვნისთვის. 

დღეს, ქართული ოცნებიდან ფორმალურად წასულმა დეპუტატებმა: სოზარ სუბარმა, დიმიტრი ხუნდაძემ, გურამ მაჭარაშვილმა და მიხეილ ყაველაშვილმა მორიგი ანტიამერიკული წერილი გაავრცელეს

ისინი აშშ-ის საელჩოს საქართველოს სუვერენიტეტსა და ქვეყნის ინსტიტუტების მიმართ "უხეშ და უპატივცემულო დამოკიდებულებაში" ადანაშაულებენ. 

დეპუტატები წერენ, რომ საელჩომ პარლამენტს 2 დღის წინ სასამართლო რეფორმის შესახებ რეკომენდაციები წარუდგინა, რომელშიც სიტყვა "უნდა" 60-ჯერ არის გამოყენებული, ხოლო "რეკომენდაციას" კონკრეტულ საკითხებზე მხოლოდ 9-ჯერ უწევს. 

დეპუტატების განცხადებით, "საელჩოს შეუძლია თქვას, რომ კანონმდებლობის ესა თუ ის ნორმა უსამართლოა, მაგრამ სამართლიანი ნორმები როგორ უნდა შეიცვალოს, ამის თქმის უფლებას, საქართველოს სუვერენიტეტის პატივისცემის პირობებში, საელჩო საკუთარ თავს არ უნდა აძლევდეს". 

აღსანიშნავია, რომ ამ 4 დეპუტატიდან არც ერთი არ არის იმ სამუშაო ჯგუფში, რომელსაც აშშ-ის საელჩომ რეკომენდაციები გაუგზავნა.


close დახურვა