logo
ENG



რა წერია მედიატორების შემოთავაზებულ ახალ დოკუმენტში

18 აპრ 202120:42
3 წუთის საკითხავი
clock 5499
რა წერია მედიატორების შემოთავაზებულ ახალ დოკუმენტში

დასავლელმა მედიატორებმა საქართველოს ხელისუფლებას და ოპოზიციას მოლაპარკების მიღწევის მიზნით ახალი დოკუმენტი შესთავაზეს, რომელშიც, კრისტიან დანიელსონის წინადადებისგან განსხვავებით, ნახსენებია რიგგარეშე არჩევნების და პოლიტპატიმრების გათავისუფლების საკითხი. 

  • ახალ წინადადებაში ნათქვამია, რომ შეთანხმების მიღწევიდან 1 კვირის ვადაში უნდა გადაიდგას ნაბიჯები 2 საქმეზე, რომლებიც პოლიტიკურად აღიქმება, ამნისტიით და/ან სხვა ნაბიჯებით, რომლებიც ანალოგიურ შედეგამდე მიგვიყვანს. 
  • რომ ყველა შემდგომი საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს სრულად პროპორციული წესით. მომდევნო 2 საპარლამენტო არჩევნებზე ბარიერი უნდა იყოს ბუნებრივი - 0%-დან 2%-მდე. 
  • და რომ რიგგარეშე არჩევნები ჩატარდეს 2022 წელს იმ შემთხვევაში, თუ მმართველი პარტია, ქართული ოცნება 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებში პროპორციული ხმების 43%-ზე ნაკლებს მიიღებს.  

ახალ დოკუმენტში წერია: 

პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ საკითხებზე რეაგირება 

საქართველოს პოლიტიკური სტაბილურობის უზრუნველყოფისა და შეთანხმების მიღწევისთვის, ხელმომწერებმა შეთანხმების მიღწევიდან 1 კვირის ვადაში უნდა გადადგან ნაბიჯები 2 საქმეზე, რომლებიც პოლიტიკურად აღიქმება, ამნისტიით და/ან ისეთი ნაბიჯების გადადგმით, რომელიც ეკვივალენტურ შედეგს მოიტანს. კონკრეტულად, შეთანხმების ხელმოწერიდან ერთ კვირაში, პარლამენტში წარმოდგენილმა პარტიამ უნდა მოახდინოს კანონპროექტის ინიცირება, რომლითაც ამნისტია შეეხება 2019 წლის 19-21 ივნისიდან ყველა დარღვევას და საქმეს.  

მეტიც, პარლამენტმა პოლიტიკურად აღქმული საკითხები უნდა განიხილოს საკანონმდებლო დონეზე და პარლამენტის რეგლამენტში საჭიროებისამებრ შეიტანოს ცვლილებები, რომელთა მიხედვითაც, დეპუტატისთვის იმუნიტეტის მოსახსნელად საჭირო იყოს უბრალო უმრავლესობაზე მეტის მხარდაჭერა. 

ვადები: შეთანხმების ხელმოწერიდან ერთ კვირაში უნდა გადაიდგას ნაბიჯები, მიღებულ იქნას საჭირო ზომები.

ამის შემდეგ ყველა ხელმომწერი უნდა შევიდეს პარლამენტში, რათა ხმა მისცეს შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებებს და პარლამენტის რეგლამენტის ცვლილებას. 

ამბიციური საარჩევნო რეფორმა

ყველა შემდგომი საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს სრულად პროპორციული წესით. მომდევნო 2 საპარლამენტო არჩევნებზე ბარიერი უნდა იყოს ბუნებრივი - 0%-დან 2%-მდე.  

პარლამენტის არანაკლებ 4 წევრისგან შემდგარი ჯგუფი შეძლებს შექმნას საპარლამენტო ფრაქცია, რომელშიც შესაძლებელი იქნება დეპუტატების ჩართვა სხვა პარტიებიდან; 

პარტიები მხარს დაუჭერენ 2 მარტს პარლამენტში წარდგენილ კანონპროექტს შემდეგი დამატებებით ან შესწორებებით: 

ადგილობრივი არჩევნები: პროპორციული და მაჟორიტარული მანდატების 4/1 პროპორცია ხუთ დიდ ქალაქში და 2/1 პროპორცია ყველა დანარჩენში. 2.5% ბარიერი თბილისში, 3% ბარიერი ყველგან თბილისს გარეთ;

ცენტრალური საარჩევნო კომისია: 8 პროფესიული და 9 პარტიული წევრი. პროფესიული წევრები აირჩევა პარლამენტის სრული შემადგენლობის ხმების 2/3-ით. ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე უნდა იყოს ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი;

საოლქო საარჩევნო კომისია იგივე პროპორციით დაკომპლექტდება და პროფესიული წევრების ასარჩევად საჭირო იქნება ცესკოში ხმების 2/3;

საუბნო საარჩევნო კომისია იგივე პროპორციით დაკომპლექტდება, მას შემდეგ, რაც მოხდება საპარლამენტო განხილვა მიზანშეწონილობის შესახებ. პროფესიული წევრები ინიშნება საოლქო საარჩევნო კომისიების უბრალო უმრავლესობას +1 ხმით. საუბნო საარჩევნო კომისიის ოქმებს ხელს მოაწერს მინიმუმ 5 პროფესიული წევრი +1 პოლიტიკური პარტიის წევრი;

ცესკოს თავმჯდომარეს პარლამენტი ირჩევს ხმების 2/3-ით;

  • ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ან/და პროფესიონალი წევრების არჩევის "ჩიხში შესვლის საწინააღმდეგო" მექანიზმი შეიქმნება შემდეგნაირად:
  • პირველი ორი მცდელობის დროს საჭირო იქნება უმრავლესობის 2/3-ის მხარდაჭერა. მესამე მცდელობისას მოთხოვნილ იქნება უმრავლესობის 3/5-ის მხარდაჭერა. შემდგომ მცდელობებს დასჭირდება უბრალო უმრავლესობა.
  • კენჭისყრის პროცედურებს შორის შუალედი უნდა იყოს არანაკლებ 4 კვირისა.  
  • ყველა დანიშვნა, რომელიც "ჩიხის საწინააღმდეგო" პროცედურით განხორციელდება და მიღებულ იქნება უმრავლესობის 2/3-ზე ნაკლების მხარდაჭერით, უნდა იყოს დროებითი - 6 თვის ვადით, რა დროსაც უნდა დაიწყოს დანიშვნის სტანდარტული პროცედურა. 

უნდა განისაზღვროს მკაფიო კრიტერიუმები ბიულეტენების გადასათვლელად. ქვეყნის მასშტაბით უბნების 10%-ის ავტომატური გადათვლის წესი ძალაში რჩება;

ცესკოს უფლებამოსილების ქვეშ შეიქმნება მიზნობრივი ჯგუფი, რომელშიც შევლენ სახალხო დამცველის ოფისისა და მოწვეული, სანდო, მიუკერძოებელი არჩევნებზე სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლები, და ასევე სანდო ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები, დავების განხილვის პროცესისითვის და ცესკოსთვის დროული რეკომენდაციების წარსადგენად. შესაძლებელია, რომ ამ ჯგუფს მიენიჭოს დამატებითი ფუნქციები, როგორიცაა გადათვლის პროცესში ჩართვა;

ვენეციის კომისიის და ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) 2021 წლის 20 მარტის ერთობლივი დასკვნის შესაბამისად, რომელიც შეეხება 2021 წლის იანვარში ინიცირებულ ორ კანონპროექტს (საკანონმდებლო ცვლილებებს პარტიების რეგისტრაციისა და დაფინანსების შესახებ) და შეთავაზებული ცვლილებები უნდა გადაიხედოს.

ვადები: 

  • საარჩევნო კანონპროექტის განხილვა სამუშაო ჯგუფში განახლდება სხვა ოპოზიციური პარტიების პარლამენტში შესვლის შემდეგ;
  • შეთანხმების მიღწევიდან ორი კვირის განმავლობაში შეცვლილი კანონპროექტი, რომელიც ამ შეთანხმებას სრულად ასახავს, გაიგზავნება ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისში (OSCE/ODIHR) დასკვნის მისაღებად;
  • ყველა საჭირო ცვლილება დროულად უნდა იყოს მიღებული პარლამენტის მიერ 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე.  

კანონის უზენაესობა/მართლმსაჯულების რეფორმა

ამ მოწვევის პარლამენტი გაატარებს მართლმსაჯულების ფუნდამენტურ რეფორმას, საწყისი ეტაპისთვის ეს უნდა მოიცავდეს რეფორმების ინკლუზიურ და მრავალპარტიულ პროცესს.

  • მართლმსაჯულების სისტემაში ხარისხის, ანგარიშვალდებულების და დამოუკიდებლობის გაუმჯობესებისთვის,  საქართველოს ხელისუფლება 2017-19 წლებში გატარებული მართლმსაჯულების რეფორმების ორი პაკეტის შესაბამისად:

    ა)პირველი ინსტანციის და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეების შერჩევის პროცესში გააუმჯობესებს გამჭვირვალობას და უზრუნველყოფს კომპეტენციაზე დამყარებულ შერჩევას.

    ბ) პარლამენტს უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების დანიშვნის შესახებ საკანონმდებლო პროექტს წარუდგენს, რომელიც ვენეციის კომისიის 2019 წლის 24 ივნისის დასკვნას დაეფუძნება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მორღვეული დანიშვნის პროცესის, იუსტიციის უმარლეს საბჭოში ღია კენჭისყრის და კანდიდატების წარდგენისას დასაბუთების აუცილებლობის საკითხები.

    გ) თავს შეიკავებს უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების მოქმედი წესით დანიშვნისგან.

    დ) მიიღებს კანონმდებლობას, საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის ივნისის გადაწყვეტილების აღსასრულებლად, სასამართლო გადაწყვეტილებების გამოქვეყნების შესახებ წესების შემუშავებით.

  • ამასობაში, საკონსტიტუციო სასამართლოში ყველა მიმდინარე დანიშვნა შეჩერდება. ახალი კანონმდებლობის ძალაში შესვლისთანავე, კანდიდატების მიღების პროცესი განახლდება, მათ შორის, ახალი კანდიდატებისთვის.
  • იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არსებითი რეფორმირება, გამჭვირვალობის, კეთილსინდისიერების და ანგარიშვალდებულების გაზრდის მიზნით. რეფორმა უნდა მოიცავდეს დანიშვნების, შერჩევის, დაწინაურების და დისციპლინარული ზომების სფეროსაც. რეფორმების შესაფასებლად მოთხოვნები შედგება და გაეგზავნება ვენეციის კომისიასა და ეუთო/ოდირ-ს, მათი რეკომენდაციები კი სრულად იქნება გათვალისწინებული.
     
  • რაც შეეხება მომავალ გენერალურ პროკურორს, საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის საჭირო პროცედურების, მათ შორის, საჯარო განხილვის გათვალისწინებით, მხარეები თანხმდებიან, რომ შემდეგი გენერალური პროკურორის დანიშვნას დასჭირდება პარლამენტის დეპუტატთა კვალიფიციური უმრავლესობა, რაც ფართო, ინტერპარტიული პოლიტიკური მხარდაჭერის აუცილებლობას უზრუნველყოფს. პარტიები თანხმდებიან, რომ დანიშვნების პროცესი შესაბამისი იქნება საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილებებთან, რათა ის წარიმართოს გამჭვირვალედ, მიუკერძოებლად და კომპეტენციის ნიშნით.

  • ამას გარდა, მხარეები თანმხდებიან, რომ დაიკავებენ ერთიან პოლიტიკურ პოზიციას შემდეგი გენერალური პროკურორის დანიშვნისთვის „ანტი-ჩიხური“ მექანიზმის შემუშავებაზე:

    1. პირველ ორ მცდელობას დასჭირდება კვალიფიციური უმრავლესობა. შემდგომი მცდელობებისთვის უბრალო უმრავლესობა იქნება საჭირო.

    2. ხმის მიცემა გაიმართება პირველი არჩევნებიდან მინიმუმ 4 კვირის შემდეგ.

    3. ყველა დანიშვნა, რომელიც ამ ანტი-კრიზისული პროცედურის ნაწილია, დროებითი იქნება, არაუმეტეს 1 წლის ვადით. დროებითი დანიშვნისას სტანდარტული პროცედურა იმოქმედებს.

  • პარტიები თანხმდებიან რომ განაგრძობენ მართლმსაჯულების რეფორმას, ყველა მხარის ჩართულობით, მათ შორის, რეფორმის მე-3 და მე-4 ტალღების შეფასებისას. ამ რეფორმების გასატარებლად, საერთაშორისო რჩევები და მხარდაჭერა იქნება მოძიებული, განსაკუთრებით კანდიდატთა კეთილსინდისიერების შესახებ.

 

ძალაუფლების განაწილება პარლამენტში 

  • პარლამენტის წევრები ოპოზიციური პარტიებიდან უხელმძღვანელებენ ხუთ კომიტეტს, საიდანაც ორი კომიტეტი შერჩეული იქნება ქვემოთ მოყვანილი სიიდან:

  • საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი;
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი;
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი;
  • საბიუჯეტო და საფინანსო კომიტეტი;
  • საგარეო საქმეთა კომიტეტი.

პარლამენტის წევრები ოპოზიციური პარტიებიდან დაიკავებენ საპარლამენტო დელეგაციის თავმჯდომარის 1 პოზიციას იმ საპარლამენტო დელეგაციებში, რომლებიც საქართველოს წარმოადგენენ შემდეგ საერთაშორისო ფორუმებში: ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეა, ევროკავშირი–საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტი, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა.

სამომავლოდ, სხვა პოზიციები განაწილდება ისეთი ინკლუზიური ფორმულის გამოყენებით, როგორიცაა D'Hondt მეთოდი [რომელიც არაპროპორციულობის მინიმუმამდე დაყვანისთვის გამოიყენება] პარტიები იზრუნებენ "ჟან მონეს დიალოგის" ფორმატის შექმნაზე ევროპარლამენტთან.

ვადები: ხელმოწერიდან ერთი კვირის განმავლობაში უნდა დაიწყოს პარლამენტში ძალაუფლების მეტი განაწილების პროცესი, რომ ცვლილებები ძალაში შევიდეს 2021 წლის საშემოდგომო სესიის მოწვევისთანავე.

მომავალი არჩევნები 

ქართული ოცნების 2021 წლის 16 აპრილის შეთავაზების შესაბამისად, რიგგარეშე არჩევნები ჩატარდეს 2022 წელს იმ შემთხვევაში, თუ მმართველი პარტია, ქართული ოცნება 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებში პროპორციული ხმების 43%-ზე ნაკლებს მიიღებს.  

პარტიები მხედველობაში იღებენ ეუთო/ოდირის შეფასებას, რომლის მიხედვით, "31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები კონკურენტულ გარემოში და ზოგადად ძირითადი თავისუფლებების დაცვით ჩატარდა. ამის მიუხედავად, ამომრჩევლებზე ზეწოლის შესახებ ფართოდ გავრცელებული ბრალდებები და მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის საზღვრის ბუნდოვანება საარჩევნო პროცესის ზოგიერთი ასპექტის მიმართ საზოგადოების ნდობას ამცირებდა. (...) ფორმალურ საფუძველზე საჩივრების უდიდესი ნაწილის განხილვაზე სისტემურმა უარის თქმამ საგრძნობლად შეამცირა მათზე ეფექტური სამართლებრივი რეაგირება".  

პარტიები აღიარებენ, რომ ისინი განსხვავებულად აფასებენ 2020 წლის არჩევნებს და თანხმდებიან საპარლამენტო მანდატებზე და მონაწილეობაზე მომავალ არჩევნებში, რომელიც ჩატარდება წინამდებარე დოკუმენტით განსაზღვრული საარჩევნო რეფორმის საფუძველზე, საქართველოს პოლიტიკური სტაბილურობისა და წინამდებარე შეთანხმების განხორციელების ინტერესებიდან გამომდინარე.

2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნებისთვის საქართველოს ხელისუფლება მოითხოვს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის ჩამოსვლას.

ვადები: მხარეებს პოლიტიკური ვალდებულება ეკისრებათ შეთანხმების ხელმოწერისთანავე, - წერია დოკუმენტში, რომელიც ევროკავშირის წარმომადგენლობამ გაავრცელა". 


close დახურვა