logo
ENG



რა ხდება პანკისის სათემო რადიოს გარშემო

05 სექ 202016:47
3 წუთის საკითხავი
 
vu3jm8akyjzqdmx.png

პანკისის სოფელ დუისში, სათემო რადიოს წინ ადგილობრივები შეიკრიბნენ და მოითხოვეს, რადიოს ხელმძღვანელმა, გელა მთივლიშვილმა ხეობა დატოვოს. 

როგორც ამბობენ, მათ შესახებ მთივლიშვილის განცხადებები არაკორექტულია.

შეკრებილების თქმით, მათ პანკისის სათემო რადიოს მუშაობის საწინააღმდეგო არაფერი აქვთ, თუმცა, იქ არ უნდა მუშაობდნენ ისეთი პირები, რომლებიც დაძაბულობას აღვივებენ

"ჩვენი აქ შეკრების მიზანია, გამოვეხმაუროთ იმ განცხადებას, რომელიც მან 1-ლი სექტემბრის შეკრების შემდეგ ჩვენზე გააკეთა. გამოგვიყვანა ველურებად და ძალადობის მომხრეებად. პანკისის სათემო რადიომ უნდა იარსებოს, თუმცა, არ უნდა იყვნენ ისეთი პირები, რომლებიც ისედაც დაძაბულ სიტუაციას აღვივებენ.

მივმართავთ გელა მთივლიშვილს, გამოიჩინოს ცოტა გონიერება და ხალხის მიმართ ზიზღი კი არ ჰქონდეს, ცოტა კორექტული იყოს". - თქვა ერთ-ერთმა დუისელმა, თამაზ ბაღაკაშვილმა. 

შენობაში, სადაც პანკისის სათემო რადიოა განთავსებული, არის სკოლაც. 

აქციის კიდევ ერთი მონაწილის, გურამ მარგოშვილის განცხადებით, არ სურთ, იქ, სადაც მათი შვილები სწავლობენ, "მათზე ცუდი რაღაცები ილაპარაკონ". 

"ჩვენ ჩვენს ძმებთან, ფშაველებთა, მატნელებთან, ყოველთვის მოვნახავთ საერთო ენას. სანამ აქ მთივლიშვილი მოვიდოდა, არც ჩხუბო გვქონია, არც დავიდარაბა გვქონია. ის აღვივებს შუღლს. დატოვოს შენობა, მოვიდეს, თავისიი ნივთები აიღოს და წავიდეს. რადიოში სხვებიც მუშაობენ, ჩვენ არ გვსურს, რადიო დაიხუროს, მედიის წინააღმდეგ არ ვართ". - ამბობს გურამ მარგოშვილი. 

მათივე განცხადებით, ჯერ არ უფიქრიათ, რას მოიმოქმედებენ, თუ მთივლიშვილი მათ მოწოდებას არ გაითვალისწინებს.

პანკისის სათემო რადიო აცხადებს, რომ დღეს, 5 სექტემბერს მათი დახურვის მოთხოვნით კიდევ ერთი საპროტესტო აქციის გამართვა იგეგმება. 

ორგანიზაციის განცხადებით, აქციას როდის სკოტის ფონდისა და რამდენიმე რადიკალურად განწყობილი ჯგუფი მართავს, სალაფიტური თემის ზოგიერთი ლიდერის, ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელი პირებისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების მხარდაჭერით. 

დემონსტრანტები დახურვის ერთ-ერთ მიზეზად 2019 წელს მოკლული 37 წლის ვისური მუთოშვილის მკვლელობის საქმის არაობიექტურად გაშუქებას ასახელებენ, რასაც ჰესების მშენებლობაზე ორ გვარს შორის დაწყებულ დავას უკავშირებენ. 

პანკისის სათემო რადიომ დღეს განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, დუისში რადიკალური ჯგუფები რადიოს დახურვის მოთხოვნით კიდევ ერთი აქციის ჩატარებას გეგმავდნენ.

მედია-ორგანიზაციის ცნობით, დახურვის მოთხოვნის კიდევ ერთი მიზეზი რადიკალური ჯგუფებისთვის შორტის ჩაცმისთვის მამა-შვილის ცემის გაშუქებააპანკისის სათემო რადიოს მიხედვით, აქციის ორგანიზატორების თქმით, რადიო პატივს არ სცემს ქისტების წესებს და მომხდარის აქტიური გაშუქებით ხელი შეუწყო სამი ახალგაზრდის დაკავებას, რომლებმაც ქუჩაში შორტებით გასვლის გამო მამა-შვილს სცემეს და მამას ხელი მოტეხეს.

ორგანიზაციის განცხადებით, რადიკალურად განწყობილი ჯგუფები პანკისის სათემო რადიოს მუშაობის შეწყვეტის კიდევ ერთ მიზეზად, ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებული საკითხების გაშუქებას ასახელებენ.

პანკისის სათემო რადიო განცხადებაში წერდა, რომ ადგილობრივების აზრით,  რადიომ თავისი არაერთი რეპორტაჟით და ადგილობრივ მცხოვრებლებსა და სამართალდამცავებს შორის, 2019 წლის 21 აპრილს მომხდარი შეტაკების პირდაპირ ეთერში გაშუქებით, ინვესტორის, კომპანია „ალაზანი ენერჯის“ მესაკუთრის ლაშა იორდანიშვილის მიმართ უნდობლობა და წინააღმდეგობა გააღრმავა და რადგან იორდანიშვილს პანკისის ხეობაში მუშაობის შესაძლებლობა არ მიეცა და ის ხეობიდან გააძევეს, პანკისი, სათემო რადიომაც უნდა დატოვოს. 

ასევე, პანკისის სათემო რადიოს ინფორმაციით, დღეს დაგეგმილი აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი ის პირია, ვინც ხეობაში უკანონო შეიარაღებულ ჯგუფს ხელმძღვანელობს.

რადიო წერს, რომ ამ ჯგუფს უკავშირდება 2019 წლის 27 ნოემბერს, სოფელ საკობიანოში, პოლიციელების თვალწინ ვისური მუთოშვილის მკვლელობა, თუმცა სამართალდამცავებმა მკვლელობის ბრალდებით, მხოლოდ 2 პირი დააკავეს. 

"პანკისის სოფელ დუისში, 2020 წლის 29 აგვისტოს გამართულ აქციაზე, პანკისის სათემო რადიოს ოფისის დარბევით დაემუქრნენ. აქცია ასევე როდი სკოტის ფონდის ორგანიზებული იყო, რომლის ხელმძღვანელი, ლია მარგოშვილიც, პანკისის სათემო რადიოს ცნობით, ქართული ოცნების აქტივისტი და საარჩევნოდ დუისის უბანზე მმართველი პარტიის წარმომადგენელია". - წერია პანკისის სათემო რადიოს განცხადებაში. 

29 აგვისტოს გამართულ აქციას კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის გამოეხმაურა და შინაგან საქმეთა სამინისტროს რეაგირებისკენ მოუწოდა, ვინაიდან სახეზეა ჟურნალისტური საქმიანობისთვის ხელის შეშლის ნიშნები. 

პანკისის სათემო რადიოს დაცვის მოწოდებით ხელისუფლებას საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომაც მიმართა და მოუწოდა, დაუყოვნებლივ მოახდინოს კანონის შესაბამისი რეაგირება და უზრუნველყოს მედიის საქმიანობისათვის უსაფრთხო გარემოს შექმნა.


close დახურვა