logo
ENG



რააბი: სერიოზული შედეგები დადგება თუ რუსეთი უკრაინაში მარიონეტული რეჟიმის დანიშვნას ეცდება

23 იან 202217:07
3 წუთის საკითხავი
clock 803
2022/01/23/j07g5ykd8fkq7sy.jpg
Reuters

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრის მოადგილე, დომინიკ რააბი აცხადებს, რომ რუსეთი მძიმე ეკონომიკური სანქციების წინაშე აღმოჩნდება, თუ უკრაინაში შეჭრას ან პრორუსული რეჟიმის დანიშვნას ეცდება. 

სერიოზული შედეგები დადგება თუ რუსეთი გადადგამს ამ ნაბიჯს და ეცდება უკრაინაში შეჭრას მაგრამ ასევე მარიონეტული რეჟიმის დანიშვნას“, - განაცხადა დომინიკ რააბმა.

ცნობისთვის, ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც რუსული დაზვერვის სამსახურები უკრაინის ყოფილ პოლიტიკოსებთან კონტაქტზე არიან, რაც უკრაინაში შეჭრის გეგმის ნაწილია.

საგარეო უწყების განცხადების თანახმად კრემლის გეგმა, რომ უკრაინის ოკუპაციის პარალელურად პრორუსი ლიდერი დანიშნოს დაამყაროს, გამოაშკარავებულია.

დიდი ბრიტანეთის ინფორმაციით, პოტენციურ კანდიდატად  ყოფილი უკრაინელი პარლამენტარი ევგენი მურაევი განიხილება.

რუსული სადაზვერვო ორგანოები კი კავშირს ინარჩუნებენ უკრაინელ ყოფილ პოლიტიკოსებთან, მათ შორის სხვადასხვა დროს უკრაინის პრემიერ მინისტრის მოადგილეებთან სერგეი არბუზოვთან და ანდრეი კლიუევთან, უკრაინის ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოების საბჭოს უფროსის ყოფილ მოადგილე ვლადიმირ სივკოვიჩთან და ყოფილ პრემიერ მიკოლა აზაროვთან.  

მეორე მხრივ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უარყო მსგავსი ინფორმაცია და ბრიტანეთი და NATO უკრაინასთან დაკავშირებით სიტუაციის ესკალაციაში დაადანაშაულა.

***

შეგახსენებთ, რომ უკვე 2 თვეზე მეტია, რუსეთმა უკრაინის საზღვართან 100-ობით ათასი ჯარისკაცი განალაგა. დასავლეთი შიშობს, რომ რუსეთი უკრაინაზე თავდასხმას გეგმავს. სამხედრო მობილიზებას კრემლი უსაფრთხოების მოტივით ამართლებს.

12 იანვარს ბრიუსელში NATO-რუსეთის საბჭოს სხდომა გაიმართა. შეხვედრის შემდეგ იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ნატომ რუსეთს შესთავაზა სამხედრო წვრთნების გამჭვირვალობის გაზრდის კონკრეტული გზები საშიში სამხედრო ინციდენტების თავიდან აცილების და სივრცითი და კიბერ საფრთხეების შემცირების მიზნით. 

თავის მხრივ რუსეთმა კვლავ თავისი მოთხოვნები დააყენა: უკრაინის სიახლოვეს NATO-ს სამხედრო განლაგებების გაუქმება, ალიანსი გაფართოებაზე უარის თქმა და 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებული იმ გადაწყვეტილების უკან წაღება, რომლის თანახმადაც, უკრაინა და საქართველო აუცილებლად გახდებიან ალიანსის წევრები. 

პასუხად იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, სერიოზულად განიხილება ალიანსის აღმოსავლეთ ევროპის წევრი ქვეყნების გაძლიერება. 

ამასთან, ბალტიის ქვეყნების განცხადებით, ისინი NATO-სთან მუშაობენ, რათა ამ ქვეყნებში ალიანსის სამხედრო კონტინგენტი გაიზარდოს. 

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ აშშ მზად არის, მოისმინოს მოსკოვის წუხილები, რთული იქნება რამე სახის პროგრესის მიღწევა მანამ, სანამ რუსეთი უკრაინის საზღვართან ვითარების დეესკალაციას არ მოახდენს. 

ენტონი ბლინკენისვე თქმით, აღმოსავლეთ ევროპიდან ჯარების გაყვანის განხილვა და NATO-ს გაფართოებაზე უარის თქმა გამორიცხულია. 

გარდა ამისა, ამერიკული მედიის ინფორმაციით, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ შეიმუშავა ახალი, უფრო მკაცრი სანქციების პაკეტი რუსეთის მიმართ იმ შემთხვევაში, თუ ის უკრაინაში შეიჭრება.

აღსანიშნავია, რომ გუშინ 21 იანვარს ამერიკის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ერთმანეთს კიდევ ერთხელ, ჟენევაში შეხვდნენ. 

შეხვედრის შემდეგ ბლინკენმა განაცხადა, რომ მას არ აქვს მოლოდინი, რომ რუსეთი და აშშ თავიანთ განსხვავებებს შეხვედრებით გადაჭრიან, თუმცა იმედს გამოთქვამს, რომ მხარეები დიპლომატიურ გზას გაუყვებიან და საკითხს მშვიდობიანად გადაწყვეტენ.

გარდა ამისა ბლინკენის თქმით ის ლავროვს მომდევნო მოლაპარაკებების შესახებაც შეუთანხმდა.

შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე სერგეი ლავროვმაც თქვა, რომ როგორც ბლინკენს შეუთანხმდა, უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით, ამერიკული მხარე მათ წერილობით პასუხს შემდგომში გასცემს. 

22 იანვარს აშშ-დან უკრაინაში სამხედრო დახმარების პირველი პარტია ჩავიდა. შემოწირულობა მოიცავს დაახლოებით 200 000 ფუნტ ლეტალურ იარაღს, საბრძოლო მასალის ჩათვლით. დახმარების ღირებულება 200 მილიონი აშშ დოლარია. 


close დახურვა