საქართველოს რაგბის კავშირი განცხადებას ავრცელებს, სადაც წერია, რომ მორაგბე რამაზ ხარაზიშვილის დაჭრა, სრკ-ში ფინანსურ მდგომარეობის განხილვის დროს არ მომხდარა და ინციდენტი რაგბის კავშირის გამგეობასთან არ არის დაკავშირებული.
ორგანიზაცია სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ მომხდარი ინციდენტის დროს, კავშირში საქართველოს ჩემპიონატის დაწყების შესახებ მიმდინარეობდა მსჯელობა, რომელიც 2020 წლის 9 ოქტომბერს განახლდება.
"ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს ეს ინციდენტი მოხდა იმ დროს, როდესაც რაგბის კავშირში განიხილებოდა სრკ-ს ფინანსური მდგომარეობა და თითქოს მომხდარი დაკავშირებულია რაგბის კავშირის გამგეობასთან. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ეს განცხადებები არ შეესაბამება სიმართლეს. სინამდვილეში, ამ დროს რაგბის კავშირში მიმდინარეობდა მსჯელობა საქართველოს ჩემპიონატის დაწყების შესახებ, რომელიც განახლდება ამა წლის 9 ოქტომბერს.
ვრცელდება გარკვეული დესტრუქციული განცხადებები, რომელიც საერთო საქმეს ნამდვილად არ წაადგება. მთავრობასთან შეთანხმებით პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად ბატონი თორნიკე გოგებაშვილის დანიშნვის შემდეგ, დაიწყო ამ შეცდომების გამოსწორების პროცესი და სახეზე გვაქვს პირველი დადებითი შედეგები. ახლა არა კონფრონტაციის, არამედ მშვიდ ვითარებაში თავდაუზოგავი შრომის დროა", - ვკითხულობთ განცხადებაში.
რაგბის კავშირი სრულ ნდობას უცხადებს პრეზიდენტ თორნიკე გოგებაშვილს და წერს, რომ პრეზიდენტს, გამგეობის წევრებს და კავშირის თანამშრომლებს ნორმალური მუშაობის საშუალება უნდა მიეცეთ.
"უამრავი რამ არის გასაკეთებელი, დასაწყები გვაქვს ყველა დონის ეროვნული ჩემპიონატი და ყველანი ერთად უნდა მოვემზადოთ ეროვნული ნაკრებისთვის უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო თამაშებისთვის. დღეს არის არა დაძაბულობის, არამედ მუშაობისა და ერთიანობის დრო ქართული რაგბის პროგრესის უზრუნველსაყოფად, რისკენაც მოვუწოდებთ ყველას
საქართველოს რაგბის კავშირის გამგეობა პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელთან ერთად ყველაფერს გააკეთებს, რომ რაგბის კავშირში იყოს მშვიდი და სამუშაო ატმოსფერო და მიიღებს ყველა საჭირო ზომას დასახული მიზნების მისაღწევად, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მოვლენები კვლავ დესტრუქციული გზით განვითარდება, იტოვებს უფლებას ყველაფერს სათანადო პასუხი გასცეს",- წერია გავრცელებულ განცხადებაში.
რაგბის კავშირი 16 სექტემბერს მომხდარ ინციდენტს გმობს, რადგან მათი განცხადებით, მსგავსი ფაქტები სრულად ეწინააღმდეგება რაგბის ფასეულობებს, ღირებულებებს და პრინციპებს.
ორგანიზაცია დაჭრილ მორაგბეს გამოჯანმრთელებას და სათამაშო მოედანზე დაბრუნებას უსურვებს.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს რაგბის კავშირის გამგეობა, პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელთან ერთად, ყველაფერს გააკეთებს, რათა კავშირში იყოს მშვიდი და სამუშაო ატმოსფერო.
"იმ შემთხვევაში, თუ მოვლენები კვლავ დესტრუქციული გზით განვითარდება, [რაგბის კავშირი] იტოვებს უფლებას ყველაფერს სათანადო პასუხი გასცეს", - წერია გავრცელებულ განცხადებაში.
ხარაზიშვილი 16 სექტემბერს რაგბის კავშირის შენობაში დაჭრეს.
სპრტსმენის დაჭრის ბრალდებით, რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტი მერაბ ბესელია დააკავეს. ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად რამ გამოიწვია ინციდენტი.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
აღსანიშნავია, რომ რაგბის კავშირში შიდა კონფლიქტი რამდენიმე წელია მიმდინარეობს. დაპირისპირება 2020 წლის აგვისტოში გამწვავდა.
რაგბის კავშირის შემადგენლობაში მყოფი 31 კლუბი პრემიერმინისტრთან შეხვედრასა და ანტიკრიზისული საბჭოს შექმნას მოითხოვდა.
მორაგბეები და კლუბების წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ კლუბებისთვის დაფინანსება ბიუჯეტიდანაც არის გამოყოფილი, თუმცა ეს თანხები ბოლო 9 წლის განმავლობაში არ ხმარდება იმ საჭიროებებს, რომელიც ამ სპორტის სახეობას აქვს.
ერთ-ერთი, ვინც კრიზისზე აქტიურად ლაპარაკობდა და პრობლემების მოგვარებას ითხოვდა, სწორედ რამაზ ხარაზიშვილი იყო. ის აგვისტოში ღიად, მედიით აკრიტიკებდა რაგბის კავშირს.
პარალელურად, პრემიერი გიორგი გახარია, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი და საქართველოს რაგბის ნაკრების ყოფილი კაპიტანი, ირაკლი აბუსერიძე ქართულ რაგბიში არსებულ სიტუაციაზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ ბიძინა ივანიშვილისა და ფონდ ქართუს მეშვეობით, ქართული რაგბი წარმატებით ვითარდება.