საქართველოს რაგბის კავშირი აცხადებს, რომ რუსეთის 7-კაცა ნაკრებთან არანაირი შეკრება არ იგეგმებოდა და მათი ოფიციალური მოწვევისა და ხარჯების დაფინანსების შესახებ ნებისმიერი ინფორმაცია სიცრუეა.
ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ სხვადასხვა ქვეყნის, მათ შორის რუსეთის 7-კაცა ნაკრებთან სპარინგ მატჩების საქართველოში ჩატარებაზე შიდა სამუშაო განხილვა მიმდინარეობდა. ამ მატჩების მიზანი კი ეროვნული ინტერესები და რუსეთის ნაკრებზე უპირატესობის მოპოვება იქნებოდა.
რუსეთის რაგბის 7-კაცა ეროვნული ნაკრების ვიზიტის შესახებ გუშინ გავრცელებულ ინფორმაციას რაგბის კავშირი მიზანმიმართულ ცილისწამებას უწოდებს, რაც ქართული რაგბის დისკრედიტაციას ემსახურება.
"რაც შეეხება რუსეთის 7-კაცა ნაკრების შესაძლო ვიზიტს – არავითარი ერთობლივი შეკრება არ იგეგმება. მიმდინარეობდა შიდა სამუშაო განხილვა შესაძლო სპარინგ მატჩების საქართველოში ჩატარებასთან დაკავშირებით სხვადასხვა ქვეყნის 7-კაცა ნაკრებებთან, მათ შორის რუსეთის ნაკრებთანაც, რაც მოემსახურებოდა საქართველოს 7-კაცა ნაკრების სპორტულ ინტერესს, რადგან ჩვენთვის თანაბრად მნიშვნელოვანია, როგორც 15-კაცა, ასევე 7-კაცა რაგბში რუსეთის ეროვნულ ნაკრებზე უპირატესობის მოპოვება. მითუმეტეს, რომ ისინი არიან ჩვენი უშუალო კონკურენტები ზაფხულში გასამართ მსოფლიოს თასის შესარჩევ ეტაპზე.
ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ საქართველოში რუსეთის 7-კაცა ნაკრების შესაძლო ვიზიტს მხარეებს შორის წინ არანაირი ოფიციალური მიმოწერა არ უძღოდა და ყველანაირი ინტერპრეტაცია აღნიშნული ნაკრების ოფიციალურად მოწვევისა და მათი ვიზიტის ხარჯების რაგბის კავშირის მიერ დაფინანსების შესახებ, არის სიცრუე.“ - წერია რაგბის კავშირის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ გუშინ გავრცელდა წერილი, რომლის მიხედვითაც საქართველოს 7-კაცა რაგბის ეროვნული ნაკრები თვის ბოლოს, ქუთაისში რუსეთის ნაკრებთან ერთობლივი შეკრების გამართვას აპირებდა.
რაგბის ეროვნული ნაკრების მენეჯერმა, ალექსანდრე ნიჟარაძემ, წერილი კლუბებს გაუგზავნა და ხელმძღვანელებს სთხოვა, მოთამაშეებს ქუთაისის შეკრებაში მონაწილეობის შესაძლებლობა მიეცათ.
წერილში ნათქვამია, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრებისთვის ეს ერთობლივი მომზადება სასარგებლო იქნება, ვინაიდან რუსეთი მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩვენი კონკურენტია.
მეორე მხრივ კი ქართველი მორაგბეები ამბობენ, რომ რუსეთის ნაკრები რაგბის კავშირმა მოიწვია, თავად კი ამ პოზიციას არ ეთანხმებიან. ვეტერანი მორაგბის, სიმონ მაისურაძის თქმით, გასულ წელს საქართველომ მოწვეულ ლიეტუვის ნაკრებს არ უმასპინძლა, ახლა კი ოკუპანტი ქვეყნის გუნდთან ერთად წვრთნების გავლას აპირებს, რაც მისთვის მიუღებელი და გაუგებარია.