logo
ENG



რადიო თავისუფლების ჟურნალისტის თქმით, სუს-ის ჩანაწერები მის ლაპარაკსაც ასახავს

02 აგვ 202114:32
3 წუთის საკითხავი
 
რადიო თავისუფლების ჟურნალისტის თქმით, სუს-ის ჩანაწერები მის ლაპარაკსაც ასახავს

რადიო თავისუფლების განცხადებით, ნიკა გვარამიას მიერ გასაჯაროებული სუს-ის ჩანაწერები, რომლებიც პოლიტიკოსების და სხვა საჯარო პირების ფარული მიყურადების და თვალთვალის ბიძინა ივანიშვილისთვის მომზადებული ანგარიშებია, მისი ჟურნალისტის ლაპარაკსაც ასახავს. 

კერძოდ, საქმე გამომძიებელ ჟურნალისტს, გიორგი მგელაძეს ეხება. 

დოკუმენტში, რომელიც გვარამიამ წაიკითხა, ნათქვამია: 

"მიმდინარე წლის 16 ივნისს [იგულისხმება 2020 წლის 16 ივნისი - რ.თ.] საუბარი შედგა, ერთ-ერთი მსხვილი მედიაა, გამომძიებელ ჟურნალისტს და ერთ-ერთი სააგენტოს რედაქტორს თ-ს, დაახლოებულია ხელისუფლებასთან, შორის. საუბარში თ.-მ გ.-ს განუცხადა, რომ მისმა ახლობელმა მიაწოდა ინფორმაცია ხელისუფლების წარმომადგენლების ოჯახის წევრების სხვადასხვა თანამდებობებზე დანიშვნის შესახებ, თუმცა იგი ვერ მოამზადებს სიუჟეტს, ვინაიდან მისი თქმით, ამ შემთხვევაში მარტივად გაიშიფრება ის ადამიანი, რომელმაც ინფორმაცია მიაწოდა.

თ.[ამბობს, რომ] ია მეტრეველს 4-5 ათასი აქვს ხელფასი და მისი ინფორმაციით, არ აქვს უმაღლესი განათლება მიღებული და აქვს ქალთა გიმნაზია დამთავრებული.

ასევე თ.-ს თქმით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის მეუღლე ქეთევან ბუბუტეიშვილი დაინიშნა ფინანსთა სამინისტროს სოციალური მედიის მენეჯერად, თ.-ს თქმით, ზემოხსენებული პირები, რომლებიც დანიშნეს თანამდებობებზე, იღებენ დიდ ხელფასს და [არ] არიან არაკომპეტენტურები.

ორიენტირი: გაგრძელდეს ოპერატიული საქმიანობა ორივე ხსენებული ჟურნალისტის მიმართულებით"

გიორგი მგელაძემ დაადასტურა, რომ მსგავსი შინაარსის საუბარი 2020 წლის ზაფხულში, მართლაც ჰქონდა ერთ-ერთი სააგენტოს წარმომადგენელთან. საუბარი დაუცველ ხაზზე, მობილური ტელეფონით შედგა. 

მისივე თქმით, საუბარი გაიხსენა მისმა თანამოსაუბრებაც

"მე თავს შევიკავებ მოსაუბრის დასახელებისგან.

როგორც წესი ბოლო 2 წელია სიგნალით ვსაუბრობ, ამ შემთხვევაში აქეთ დამირეკეს და ჩაგვწერეს. 

ვაპირებთ სამართლებრივად მივყვეთ ამ ამბავს, იქნებ და მოსამართლის თანხმობით მიწერდნენ". - დაწერა გიორგი მგელაძემ ფეისბუქზე

***

1-ლ აგვისტოს მთავარი არხის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ თქვა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ბიძინა ივანიშვილისთვის საჯარო პირების მიყურადების გზით მათზე ანგარიშებს ამზადებდა.

ძირითადად საუბარია პირადი ცხოვრების დეტალებზე.

გვარამიამ ეთერში წაიკითხა დოკუმენტი, რომელიც, მისი თქმით, სუს-ის მომზადებულია.

მასში მოთხობილია პოლიტიკოსების, ჟურნალისტების, სასულიერო და საზოგადოებრივად აქტიური პირების პირადი ცხოვრების დეტალები. გვარამიას თქმით, ჩანაწერებში ათობით საუბარია მოყვანილი და ასახავს ეს პირები ვის, როდის და რა ვითარებაში შეხვდნენ. ჩანაწერებს შორისაა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შორის საუბარიც.

ერთ-ერთი საუბარი დაადასტურა GDI-ის ყოფილმა ხელმძღვანელმა გიორგი მშვენიერაძემ. ნიკა გვარამიას თქმით, დოკუმენტში წერია, რომ 2020 წლის 15 ივნისს საუბარი შედგა საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს დირექტორის მოადგილე გიორგი ონიანსა და EMC-ის წარმომადგენელს, გურამ იმნაძეს შორის, საუბარი შეეხო EMC-ის დირექტორის, თამთა მიქელაძის სუს-ში გამოკითხვაზე დაბარებას, ამის შემდეგ ონიანი GDI-ის მაშინდელ დირექტორს, გიორგი მშვენიერაძეს ესაუბრა.

იგივე საუბარი დაადასტურეს TI-ის დირექტორმა, ეკა გიგაურმა, ასევე, გურამ იმნაძემ და თამთა მიქელაძემ. 

იმას, რომ უსმენდნენ, ადასტურებს კიდევ ერთი ჟურნალისტი, ფორმულას წარმომადგენელი ნინო გელაშვილი. სუს-ის ანგარიშში მისი და პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის, ნათია პავლიაშვილის საუბარიც მოხვდა. 

გვარამია კონკრეტულ ადამიანებზე გაკეთებული ჩანაწერების შინაარსს დაახლოებით 30 წუთის განმავლობაში კითხულობდა და ზოგიერთ პირს, იდენტიფიცირების თავიდან ასარიდებლად, ინიციალებით მოიხსენიებდა. 

მისი თქმით, ამ უკანონო მიყურადებისა და თვალთვალის ბრძანებებს სუს-ის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი, სუს-ის მოადგილე ლევან ახობაძე და სუს-ის ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს ე.წ. ოტოს დირექტორი კობა კობაძე გასცემდნენ.

ფორმულას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში უთხრეს, რომ ამაზე "რა თქმა უნდა, კომენტარის გაკეთება არ იგეგმება".


close დახურვა