logo
ENG



რამაზ ბეღელური პოლიციამ დაკითხა

12 მაი 202117:17
3 წუთის საკითხავი
 
2021/05/12/4m0vqvddd4p9fp9.png

გორის სოფელ გუგუტიანთკარის მცხოვრები და ოკუპირებული ცხინვალიდან გათავისუფლებული რამაზ ბეღელური პოლიციამ დღეს კონტრდაზვერვის განყოფილებაში დაკითხა.

რამაზ ბეღელურის თქმით, მაშინ, როდესაც ის ოკუპანტების ტყვეობისგან გათავისუფლდა, პოლიციაში დაიკითხეს, თუმცა არ ისაუბრა მის მიმართ ფიზიკურ ძალადობაზე.

ბეღელურის განცხადებით, დღეს სამართალდამცველების კითხვები სწორედ ამ საკითხს შეეხებოდა.

მისი თქმით, საგამოძიებო უწყება დაინტერესდა, თუ რატომ დაუმალა მან პოლიციას ფიზიკური ძალადობის შესახებ.

"მაშინ, ხომ არაფერი მოვუყევი და მერე რომ მოვუყევი ჟურნალისტებს, ჩვენ რატომ გვიმალავდიო",- აცხადებს რამაზ ბეღელური.

ამასთან, როგორც ბეღელურმა აღნიშნა, ოკუპანტებმა გატაცებისას ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს, რის გამოც ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუუარესდა.

"დაჭერის დროს იყო უბედურება და სანამ ციხემდე მიმიყვანდნენ, მაშინ მირტყამდნენ. თავზე მაქვს პრობლემა", - განაცხადა რამაზ ბეღელურმა.

რამაზ ბეღელური 2 თებერვალს, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარის მიმდებარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე, უკანონოდ დააკავეს. იგი ამავე სოფლის მკვიდრია. ის ოკუპირებული ცხინვალის ციხიდან 1-ელ აპრილს გაათავისუფლეს.

რამაზ ბეღელურის დედა შვილის გათავისუფლების შემდეგ აცხადებდა, რომ უკანონო პატიმრობისას ბეღელურს ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ.

"ვამჩნევდი, რომ ფსიქიკურად ვეღარ იყო კარგად. ნაცემიც არის. აი, მაგალითად, მომიყვა ასეთი შემთხვევა, რომ პოლიციელს ეჭირა გასაღებების ბღუჯა, ჩამარტყა თავშიო და სისხლი მომდიოდაო, მე თვითონ მოვწმინდე ის სისხლიო, მერე ექთანი შემოიყვანესო და საავადმყოფოში წამიყვანესო", - აცხადებს ბეღელურის დედა.


close დახურვა