რამდენიმე სახელმწიფოსთან საზღვრების ორმხრივად უპირობოდ გახსნის შესახებ კონკრეტული შეთანხმებები უკვე მიღწეულია, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაშია აღნიშნული.
ადმინისტრაციის ცნობით, ამ თემაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს წევრი შესაბამისი უწყებების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
„შეხვედრისას განიხილეს მსოფლიოსა და თავად ევროპის კონტინენტზე არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება, რომლის გათვალისწინებით, ევროკავშირის რიგმა ქვეყნებმა, ამ ეტაპზე, საერთოდ არ გახსნეს საზღვრები უცხო ქვეყნის, მათ შორის ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეებისთვისაც. არაერთ ქვეყანაში ჩასვლისას კი, სავალდებულოა 14-დღიანი კარანტინის გავლა საკუთარი სახსრებით.
საქართველოს მთავრობა აკვირდება გლობალურ სურათს და მოქალაქეების ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველყოფისთვის, დგამს ფრთხილ ნაბიჯებს.
უკვე მიღებულია კონკრეტული გადაწყვეტილებები, რომელიც დღეს გახდება ცნობილი. ამ თემაზე მთავრობის ადმინისტრაციაში 11:00 საათზე ბრიფინგი გაიმართება.
ამასთან, საქართველოს ხელისუფლება განაგრძობს ევროკავშირის წევრ, პარტნიორ ქვეყნებთან აქტიურ თანამშრომლობას და რეკომენდაციის შესაბამისად, ორ კვირაში ერთხელ, ერთობლივად გადაიხედება როგორც საქართველოში შემომსვლელთა, ისე საქართველოს მოქალაქეების ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყანაში შესვლის პირობები.
საქართველოს მთავრობისთვის უმთავრესი პრიორიტეტია მოქალაქეების ჯანმრთელობა და უსაფრთხოება, შესაბამისად, თითოეული გადაწყვეტილება სწორედ აქედან გამომდინარე მიიღება”, - ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაში.