თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის მიხეილ რამიშვილის განცხადებით, ბაჩალიაშვილების ოჯახს ემუქრებიან. "ფორმულას" გადაცემაში "კომენტარი" რამიშვილი ამბობს, რომ შესაბამისი ინფორმაცია გამოძიებას უკვე მიაწოდა.
ადვოკატის თქმით, გარკვეული ჯგუფები სოციალურ ქსელში ოჯახის მისამართით მუქარის შემცველ კომენტარებს წერენ.
"გუშინდელი აქციის შემდეგ, პირდაპირ წავიდა ოჯახზე მუქარა. ერთერთი კომენტარია, რომ 'ლეგენდის შეთხვზის ნაცვლად, პრობლემას ჩაუღრმავდით, თუ რა მოხდა რეალურად, რამე ხო არ დააკელით. მეორე შვილიც გყავთ და ჯობია იგივე შეცდომები არ მოხდეს დაშვებული', პირდაპირ მუქარა წავიდა ოჯახზე. მე ამის თაობაზე გადავეცი გამოძიებას. ამას [კომენტარს] უწონებს 120 ადამიანი, ბოტია თუ ტროლია, ბოტების და ტროლების უკან დგას გარკვეული ჯგუფი , ეს უკვე ოჯახისთვის საშიშროებას წარმოადგენს",-აცხადებს რამიშვილი.
მისივე თქმით, არ იცის, კონკრეტულად ვინ არის ეს პიროვნება, მაგრამ ის არ არის ერთადერთი.
23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 5-დღიანი სამძებრო სამუშაობის შემდეგ, 22 ივლისს, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტყეში, გარდაცვლილი იპოვეს.
ბაჩალიაშვილის ოჯახი საქმის მკველობის მუხლით გადაკვალიფიცირებას ითხოვს, ნაცვლად თვითმკვლელობამდე მიყვანისა და წინააღმდეგ შემთხვევაში, აქციების გამართვას გეგმავს.