logo
ENG



რამიშვილი: თუ ეძებდნენ და ვერ აღმოაჩინეს, ესე იგი არ იდგა მანქანა და მერე არის მიყვანილი

23 ივლ 202012:19
3 წუთის საკითხავი
clock 507

გარდაცვლილ თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი აცხადებს, რომ თუ 5 დღის განმავლობაში 23 წლის გოგოს მოძებნა სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლებმა ვერ მოახერხეს, ეს იმას ნიშნავს, რომ მანქანა მერე არის მიყვანილი. 

ადვოკატის განცხადებით, ბაჩალიაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სიმართლე დადგინდება.

„ძებნა მიმდინარეობდა თურმე, დათვალიერებული იყო ის ადგილი მაგრამ 5 დღის განმავლობაში ვერ აღმოაჩინეს, რადგან თურმე მდგარა. თუ ეძებდნენ და იდგა ესე იგი არ ეძებდნენ და თუ ეძებდნენ და ვერ აღმოაჩინეს, ესე იგი არ იდგა მანქანა და მერე არის მიყვანილი. ამას დავადგენთ, სად, როგორ და რანაირად მოხდა ეს ყველაფერი“, - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

წამების მსხვერპლთა ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის ცენტრ "ემპათიის" დირექტორი მარიამ ჯიშკარიანი ვარაუდობს, რომ საჭირო გახდება კომპლექსურ-კომისიური ექსპერტიზის ჩატარება და სისხლის სამართლის საქმის მასალების გამოთხოვა.  თუმცა, ამ ინფორმაციის გასაჯაროება ოჯახის მხრიდან წერილობითი თანხმობის გარეშე არ მოხდება.

„წერილობითი ინფორმირებული თანხმობის გარეშე ჩვენ განცხადებას ვერ გავაკეთებთ“, - განაცხადა მარიამ ჯიშკარიანმა. 

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრები და ახლობლები ელოდებიან, როდის დასრულდება პროცედურები ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში, სწორედ ამის შემდეგ გადაასვენებენ გარდაცვლილის ცხედარს სახლში. 

ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ოჯახი გამოძიებას არ ენდობა და გამოძიებაში დამოუკიდებელი ექსპერტები ჩაერთვებიან. მან თხოვნით „ემპათიის“ ხელმძღვანელს მარიამ ჯიშკარიანს მიმართა.

შეგახსენებთ, რომ 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 5-დღიანი ძებნის შემდეგ, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტყეში, გარდაცვლილი იპოვეს

 


close დახურვა