logo
ENG



რამიშვილი: ირაკლი შოთაძესთან შეხვედრას მოვითხოვთ, რომ ვიცოდეთ, როდის მიმართავენ FBI-ს

05 აგვ 202011:45
3 წუთის საკითხავი
 
j23hg41aniujzzf.png

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი აცხადებს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში შეხვედრის შემდეგ, გენერალურ პროკურორთან, ირაკლი შოთაძესთან შეხვედრას მოითხოვენ.

როგორც ადვოკატმა აღნიშნა, გამოძიებაში FBI-ს ჩართვასთან დაკავშირებით შსს-ს მხრიდან მხარდაჭერის გამოხატვა საკმარისი არ არის, რადგან შესაბამისი მოთხოვნით ფედერალურ ბიუროს გენერალურმა პროკურატურამ უნდა მიმართოს.

"ამათი [შსს] მხრიდან მხარდაჭერა იმას არ ნიშნავს, რომ ეს აუცილებლად იქნება იმ ფორმით, როგორი ფორმითაც გვინდა. ამაში უნდა ჩაერთოს პროკურატურა და გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე. დღეს შევხვდებით შსს-ს ხელმძღვანელობას, მაგრამ მთავარი იქნება ამის შემდეგ ირაკლი შოთაძესთან შეხვედრა. დღევანდელი შეხვედრის შემდეგ, პირდაპირ ირაკლი შოთაძესთან გვექნება შეხვედრის მოთხოვნა, რომ ზუსტად ვიცოდეთ დრო, საათი და უკვე ის პერიოდი, როდესაც იქნება მათი მხრიდან მოთხოვნა ფედერალური ბიუროს წარმომადგენლების ჩამოსვლაზე. ესენი [შსს] საგამოძიებო მოქმედებებს აწარმოებენ, გამოძიების ზედამხედველობას ახორციელებს პროკურატურა", - განაცხადა რამიშვილმა.

მისივე თქმით, ოჯახის მოთხოვნაა, რომ ფედერალური ბიუროს ექსპერტების ჩამოსვლამდე, ბაჩალიაშვილის ავტომობილი არ გაიხსნას:

"დალუქულია ავტომობილი და გავარკვევთ, ექსპერტები FBI-დან როდის შეძლებენ ჩამოსვლას, რა პერიოდი დასჭირდება. გამოძიების ინტერესშიც უნდა იყოს, რადგან დარწმუნებული ვარ, ამას მოჰყვება ძალიან დიდი პროტესტი ოჯახის მხრიდან, თუ მოხდება ავტომობილის FBI-ს ექსპერტების გარეშე გახსნა და ექსპერტიზის ჩატარება. არის ინფორმაციები, რომ არასრულყოფილად არის ყველაფერი", - განაცხადა რამიშვილმა.

შეგახსენებთ, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 5-დღიანი ძებნის შემდეგ, 22 ივლისს, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტყეში გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლებით მიმდინარეობს. 29 ივლისს თამარ ბაჩალიაშვილის საქმე, შინაგან საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილებით, თბილისის ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტს გადაეცა. ოჯახი გამოძიებას უნდობლობას უცხადებს და აშშ-ის საელჩოს სთხოვს, გამოძიებაში ამერიკელი სპეციალისტები ჩაერთონ.


close დახურვა