თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიურო დატოვა. როგორც ადვოკატმა განაცხადა, სასამართლოს განჩინებაში ეწერა, რომ ექსპერტიზა მხოლოდ დავით ფურცხვანიძესთან დაკავშირებულ მიმოწერას ნახავდა, თუმცა მისი თქმით, მობილურში სხვა ინფორმაციის კლონირებაც მოახდინეს.
რამიშვილი ამბობს, რომ გამოძიება მისი პირადი ინფორმაციის მითვისებას ცდილობს:
"განჩინებაში გარკვევით ეწერა, რომ ბატონი დავითის [ფურცხვანიძის] მიერ გამოგზავნილი სურათები და მიმოწერა იქნებოდა [კლონირებული]. ამის მაგივრად, აბსოლუტურად, რაც კი ჩემ მობილურ ტელეფონში, ჩემი პირადი მიმოწერა, სურათები, ვიდეოები, სულ ყველაფრის კლონირება გააკეთეს და კითხვა, თუ რატომ აკეთებდნენ, პასუხი იყო, რომ ამ ყველაფრის კლონირებას გააკეთებდნენ, ხოლო ხვალ რომ მივიდოდი, ჩემთან ერთად გამიჯნავდნენ.
ჩემს პირად სივრცეში იჭრებიან, ჩემი პირად ინფორმაციას ითვისებენ. ამით აკეთებენ ყველანაირ უკანონობას, ყველაფერს საზიზღრობას და ჩათვალეთ აღარ არსებობს სასამართლო, აღარ არსებობს გამოძიება და ხდება ადამიანების კლონირება", - ამბობს მიხეილ რამიშვილი.
მიხეილ რამიშვილს პროკურატურამ მობილური ტელეფონი ჩამოართვა. როგორც საქმის პროკურორი, დავით გურგენიძე აცხადებს, რამიშვილის ტელეფონი საქმისთვის მნიშვნელოვან გარემოებას წარმოადგენს, ვინაიდან, მისი განმარტებით, მასში დავით ფურცხვანიძესთან კომუნიკაციისა და სატელიტის ფოტოების მოპოვებასთან დაკავშირებით ინფორმაცია არსებობს.
გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა, დავით ფურცხვანიძის მხრიდან მიწოდებული ფოტომასალის შესახებ პირველად 8 სექტემბერს განაცხადა. რამიშვილის თქმით, ფოტომასალაზე სატელიტიდან გადაღებული კადრები იყო აღბეჭდილი, რომლითაც დასტურდებოდა, რომ გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის მანქანა 19 და 20 ივლისს მისი აღმოჩენის ადგილას არ იდგა.
18 სექტემბერს პროკურატურამ, სამხარაულის ექსპერტიზის დასკვებზე დაყრდნობით განაცხადა, რომ ფოტომასალა დამონტაჟებული და გაყალბებული იყო.
სამართალდამცავმა უწყებებმა თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი 22 ივლისს იპოვეს.