logo
ENG



რამიშვილის მხრიდან სექსუალური შევიწროების დასადგენად გაჩეჩილაძე ომბუდსმენს მიმართავს

20 ივლ 202315:51
3 წუთის საკითხავი
 

POSTV-ის ხელმძღვანელისა და ხელისუფლების პროპაგანდისტის შალვა რამიშვილის მხრიდან სექსუალური შევიწროების ფაქტის დასადგენად ანანია გაჩეჩილაძე სახალხო დამცველს მიმართავს.

ქალი, რომელსაც აქვს მტკიცებულებები, როგორ ავიწროებდა სექსუალურად შალვა რამიშვილი კვლავ ითხოვს ადეკვატურ გამოძიებას და დამნაშავის დასჯას.

ფაქტის გასაჯაროებიდან 3 თვის თავზე, ანანია გაჩეჩილაძე ამბობს, რომ გამოძიებას შალვა რამიშვილიც არც კი გამოუკითხავს. ის იმედს იტოვებს, რომ სახალხო დამცველი დაადგენს, რომ იყო სექსუალური შევიწროების მსხვერპლი შალვა რამიშვილის მხრიდან.

"ვაპირებ, გასაჯაროვდეს ჩანაწერი სრულად, რაც არის ამ საქმეში მთავარი არგუმენტი, რადგან მინდა, რომ საზოგადოების ნებისმიერმა წევრმა, ვისაც ექნება სურვილი სრულ ჩანაწერს მოუსმინოს და ამ გამჭვირვალობით დავიცვა საკუთარი ინტერესები. [...] მოლოდინი სახალხო დამცველისგან მაქვს შემდეგნაირი, რომ საბოლოო დასკვნა, რომელიც ეჭვი არ მეპარება, რომ უნდა იყოს სექსუალური შევიწროების ფაქტის დადგენა ჩემს სასარგებლოდ, შალვა რამიშვილი უნდა იქნას მხილებული ოფიციალური დასკვნითაც, იქნება და უნდა იყოს იმ სტანდარტით, რაც ახასიათებდა სახალხო დამცველის აპარატს აქამდე", - აცხადებს ანანია გაჩეჩილაძე.

ფორმულამ გაავრცელა აუდიო ჩანაწერი, რომელშიც შალვა რამიშვილი 22 წლის ქალს ანანია გაჩეჩილაძეს სექსუალურად ავიწროებს. ჩანაწერის პირველი ნაწილი შაბათის ფორმულამ 25 მარტს გაასაჯაროვა. აუდიომასალაში ისმის რა მეთოდებით არჩევს რამიშვილი თანამშრომლებს და რა ინტიმურ თემებზე ესაუბრება ახალგაზრდა ქალს, რომელიც მასთან გასაუბრებაზე მივიდა. 

***

ჟურნალისტმა მაკო ჯაბუამ რამიშვილი სექსუალურ შევიწროებაში 21 მარტს ამხილა. ამის შემდეგ რამიშვილი სექსუალურ შევიწროებაში კიდევ რამდენიმე ქალმა ამხილა. მათი ისტორიები მსგავსია. როგორც ქალები ამბობენ, ისინი გასაუბრების დროს შეავიწროვეს. სექსუალური შევიწროების ბრალდებებს უარყოფს შალვა რამიშვილი.

ისტორიების მოყოლის შემდეგ ორგანიზებული თავდასხმა დაიწყო თათია სამხარაძის მიმართ. თათია სამხარაძე ერთ-ერთია, ვინც POSTV-ის ხელმძღვანელი, შალვა რამიშვილი სექსუალურ შევიწროებაში ამხილა. მან რამიშვილს ტელეკომპანია იმედში ყოფნის დროს, 2016 წელს უჩივლა. 2018 წლის 3 იანვარს შალვა რამიშვილს სექსუალური შევიწროების საქმეზე საქალაქო სასამართლომ მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 2 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა. რამიშვილმა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა, თუმცა მოსამართლემ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. ორი ინსტანციის გადაწყვეტილება რამიშვილს უზენაეს სასამართლოში აღარ გაუსაჩივრებია. 

26 მარტს სამხარაძემ Facebook-ზე ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც ამბობს, რომ სამთავრობო პროპაგანდისტული POSTV იტყუება, თითქოს ის დიმა ჩიქოვანის სახლიდან ვერ გამოდის, რადგან ჩალურჯებები აქვს. სამხარაძემ ამის საპირისპიროდ ვიდეო სახლიდან ჩაწერა, რომელშიც ჩანს, რომ დაზიანებები არ აქვს.

112-ში პროპაგანდისტული ტელევიზიის POSTV-ის მიერ განხორციელებული ცრუ შეტყობინების გამო 24 მარტს გვიან ღამით ნაციონალური მოძრაობის წევრის დიმა ჩიქოვანის საცხოვრებელ სახლში პოლიცია მივიდა და საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა.

უწყებაში POSTV-ის პროპაგანდისტმა, ნათია ბერიძემ დარეკა და განაცხადა, რომ ჩიქოვანმა, სავარაუდოდ, თათია სამხარაძე გაიტაცა. პოლიციელებმა დანაშაული ვერ დაადგინეს - ენმ-ის გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა, რომ ეს იყო ცრუ დასმენა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, დიმა ჩიქოვანის მიმართ მოწყობილი შეგნებული პროვოკაცია.

მომხდარის შესახებ თათია სამხარაძემ განაცხადა, რომ საგამოძიებო უწყებები პოსტივისთან ერთად "ჰიბრიდულ სპეცოპერაციებს დგამენ და ცრუ დასმენით, თითქოს მე გატაცებული ვიყო სახლში უვარდებიან ოპოზიციური პარტიის წევრს, დიმიტრი ჩიქოვანს. აი ასე, პროვოკაციულად უდანაშაულო ადამინს აბრალებენ სისხლის სამართლის უმძიმეს დანაშაულს."

სამხარაძის თქმით, მისი უსაფრთხოება, როგორც ქალთა უფლებადამცველის, საქართველოში საფრთხეშია.


close დახურვა