logo
ENG



რას ამბობს ივანიშვილი ფონდ ქართუსთვის აქტივების გადაცემაზე

12 იან 202100:08
3 წუთის საკითხავი
 
რას ამბობს ივანიშვილი ფონდ ქართუსთვის აქტივების გადაცემაზე

ქართული ოცნების დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი გამოცემა Entrepreneur-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში საუბრობს მისი ქონების დიდი ნაწილის ფონდი ქართუს ბალანსზე გადატანაზე. იგი იხსენებს, რომ გეგმავდა, საბოლოოდ, ქონების 90% "საზოგადო და საქვეყნო საქმისთვის" მოეხმარა.

ინტერვიუსას მან ოპოზიციური მედია დაადანაშაულა სიის არასრულყოფილად გავრცელებაში და თქვა, რომ ინფორმაცია იმ აქტივის გადაცემაზე გავრცელდა, რაც, "საკითხის ნეგატიურ კონტექსტში წარმოჩენის სივრცეს ტოვებდა". 

როგორც ივანიშვილი ირწმუნება, მან ცოლთან ერთად მიიღო გადაწყვეტილება, რომ ყველა მატერიალური აქტივი, რომლებიც საკრედიტო ან სხვა სახის ვალდებულებებით არ არის დატვირთული, გადაეცათ ფონდისთვის იმ პირობით, რომ საქველმოქმედო პროფილი არ შეიცვლებოდა. 

"არც მართვის და არც გასხვისების შემთხვევაში, აქტივებს არ უნდა შეეცვალოთ პროფილი, რადგან მათი დიდი ნაწილი ორდინარული ბიზნეს–პროექტები როდია, ისინი დარგის (ზოგიც რეგიონის) განვითარებაზე ორიენტირებული პროექტებია", - ამბობს ის. 

იგი, ასევე აცხადებს, რომ მას შემდეგ, რაც თანაინვესტირების ფონდის მიერ დაფინასებულ ბიზნეს პროექტებსა და მათში განთავსებულ კაპიტალს საკრედიტო, თუ სხვა სახის ტვირთისგან გაათავისუფლებს, ასევე გადასცემს საქველმოქმედო ფონდს. ეს მოხდება ან უძრავი ქონების სახით, ან გაყიდის და ფულადი რესურსის სახით ჩადებს ფონდში. 

"იგივე ბედი ეწევა ფერწერული ტილოების კოლექციას, რომელიც ასევე ამ ნარჩენი კაპიტალის ნაწილია. კოლექციის ერთი ნაწილი უკვე გაიყიდა, ფული კი ფონდში მიიმართა. როდესაც დანარჩენი ნახატების რეალიზაცია მოხდება, სახსრები ასევე საქველმოქმედო ფონდს გადაეცემა. თუმცა, არ არის გამორიცხული, მათ რეალიზაციას არ დაველოდოთ და ნაწილი ნამუშევრების სახით გადავცეთ ფონდს". 

ივანიშვილი ამბობს იმასაც, რომ "უხეში დათვლით" კაპიტალის სახით მას რჩება მილიარდნახევარი დოლარი, რომლის ერთი ნაწილი 30-31 დეკემბერს უკვე მიიმართა საქველმოქმედო ფონდში. 

"ეს მილიარდნახევარი დოლარი სრულად მოხმარდება ქველმოქმედებას. სწორედ ეს პროცესი დაიწყო გასული წლის 30-31 დეკემბერს, როდესაც თქვენს მიერ დასახელებული აქტივები გადავიდა ფონდის განკარგულებაში და ეს პროცესი ეტაპ-ეტაპ შეუქცევადად გაგრძელდება. ჩემი და ჩემი მეუღლის განკარგულებაში რჩება 200 მილიონი დოლარი, რომელიც ამ მილიარდნახევარის მიღმა თავისუფალი სახსრების სახით არსებობდა. შვილებს ვუტოვებ იმდენს, რომ მათ არ დაკარგონ ახლის შექმნის, საკუთარი თავის სრულად რეალიზებისა და განვითარების მოტივაცია, რაშიც დივიდენდების იმედად ცხოვრება, შესაძლოა, ხელისშემშლელიც კი ყოფილიყო". 

აქტივების ქართუ ფონდში გადატანა წინ უძღოდა მის 11 იანვრის წერილს, სადაც თქვა, რომ პარტიული თანამდებობიდან და პოლიტიკიდან მიდის. 

10 იანვარს ფორმულამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ქონება ფონდი ქართუს ანგარიშზე გადაიტანა. 

საუბარია მილიონობით ლარის ქონებაზე - ათეულობით კომერციულ ობიექტზე. ოფისებზე, მიწის ნაკვეთებზე, ტურისტულ ობიექტებზე. ფონდ ქართუს ბალანსზე გადატანილ ქონებას შორის არის ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს ცენტრი და ბანკი ქართუს შენობაც. 

ფონდის ბალანსზე ქონების ნაწილი ოფშორული ზონების გავლით, ნაწილი კი პირდაპირი გზით მოხვდა. 


close დახურვა