logo
ENG



რას ჰყვება 20 წლის წინ გატაცებული გოგოს ოჯახი და საქმის ახალი დეტალები - შაბათის ფორმულა

05 თებ 202220:20
3 წუთის საკითხავი
 

15 წლის მარიამ გოგინაშვილი ერთ-ერთია იმ 8 ქართველი ბავშვიდან, რომელსაც ინტერპოლი უკვე თითქმის 20 წელი ყვითელი ცირკულარით ეძებს.

გოგონას ოჯახის ახლობელი შაბათის ფორმულასთან საუბარში იმ დღეს იხსენებს, როდესაც თამაზ გოგინაშვილი შვილის გადასარჩენად გამტაცებლებისთვის თანხის გადასაცემად მიდიოდა. შემდგომი ინსტრუქციის მისაღებად ის ვაჟა-ფშაველას ძეგლთან გაჩერდა. ოჯახს იმედი ჰქონდა, რომ მარიამს ცოცხალს ნახავდა, მაგრამ ლოდინის საათები უშედეგო აღმოჩნდა.

საკონტროლო წრის შესრულების შემდეგ, თამაზ გოგინაშვილს კიდევ ერთხელ დაურეკეს და ზუსტად მიუთითეს ავთოფარეხებთან ის ადგილი, სადაც უკუსვლით უნდა შესულიყო და გაეჩერებინა მანქანა. სწორედ აქ უნდა მომხდარიყო მოლაპარაკებული 70 ათასი დოლარის გადაცემა. 

მანქანის ავტოფარეხებთან გაჩერების შემდეგ, გამტაცებლები თამაზ გოგინაშვილს კიდევ ერთხელ დაურეკეს და უთხრეს, რომ ფარები რამდენჯერმე აანთოს და ჩააქროს. სთხოვეს, რომ თანხა იქვე დაეგდო, რის შემდეგაც უთხრეს, რომ გასულიყო და ნუცუბიძის ქუჩაზე გაჩერებულიყო.

ფული რომ დატოვა, გამთაცებლების მითითებით თამაზ გოგინაშვილი ნუცუბიძის ქუჩაზე გაჩერდა. მოგვიანებით მას უთხრეს, რომ მარიამი საჩხერის ბაზართან დახვდებოდა. დასავლეთ საქართველოში თამაზ გოგინაშვილი ნუცუბიძიდანვე გაემგზავრა.

ოჯახმა ამ დღის შემდეგ ბევრი ვერსია მოისმინა, თუმცა გაუჩინარებული მოზარდის კვალს ვერსად მიაგნეს. ყოფილი პატიმრის და ტერორისტული ბანდის წევრის აღიარება მათთვის საინტერსოა, თუმცა ეჭვებს ბადებს ის ფაქტი, რომ კოტე ციხისთავი დეტალებს არ ასახელებს. ციხისთავმა გოგინაშვილის საქმეზე ვახო სანაიას გადაცემაში ისაუბრა. მისი ინფორმაციით, 15 წლის გოგობა სოფელ დუისის მახლობლად მომხდარ შეტაკებას შეეწირა.

კოტე ციხისთავი პირადად არ შესწრებია იმ მოვლენებს, რომლებსაც აღწერს. იმ მომენტისთვის ჭიჭიაშვილის ბანდის ყოფილი წევრი უკვე დაპატიმრებული იყო. თუმცა ციხისთავის მტკიცებით, მარიამ გოგინაშვილიც და მანამდე 2001 წელს დუისში მოკლული ნაირა მარგოშვილიც, შოთა ჭიჭიაშვილის ტერორისტულ საქმიანობას შეეწირნენ. ნაირა მარგოშვილი ჭიჭიაშვილის ნათესავი იყო, რომელიც პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის სიმამრის თამაზ თამაზაშვილის და მაშინდელი შს მინისტრის მოადგილის კახა ბაკურაძის შეხვედრას შეესწრო, სადაც ყოფილი პატიმრის მტკიცებით ჟურნალისტ გიორგი სანაიას მკვლელობას აორგანიზებდნენ. 


close დახურვა