logo
ENG



რასაც მივაღწიეთ, მივაღწიეთ ბიძინა ივანიშვილთან ერთად - ოცნების მიერ ორგანიზებული აქცია

14 დეკ 201917:02
3 წუთის საკითხავი
 
lh6gzhu22pbb9q4.jpg

თავისუფლების მოედანზე "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ფრთის ორგანიზებით, ევროსაბჭოს საქართველოს თავმჯდომარეობასთან დაკავშირებით საზეიმო ღონისძიება მიმდინარეობს. ღონისძიებას მმართველი გუნდის ლიდერები, მათ შორის, პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ესწრებიან. აქცია-კონცერტზე დასასწრებად მმართველმა გუნდმა რეგიონებიდან მხარდამჭერების ჩამოყვანა დღეს დილიდან დაიწყო. ღონისძიების ჩატარების გამო, რუსთაველის გამზირი და თავისუფლების მოედანზე საავტომობილო მოძრაობა შეზღუდულია. 

ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი კახა კალაძე და ქვეყნის პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია. კალაძემ ადგილზე მყოფ ახალგაზრდებსაც მიმართა.

"თქვენ ხართ თავისუფალი თაობა, რომელიც არასოდეს მოითმენს ვინმეს მხრიდან ჩაგვრას. ეს არის ამაყი თაობა, რომელიც არასოდეს აიტანს ვინმეს მხრიდან დამცირებას. ეს არის გონიერი თაობა, რომელიც არასოდეს დაიჯერებს ვინმეს მხრიდან პროპაგანდირებულ სიცრუეს. ეს ის თაობაა, რომელსაც ვეღარავინ ეტყვის შავზე თეთრს და თეთრზე შავს. ეს ის თაობაა, რომელიც არავის აპატიებს ძალადობას, დამცირებას, სიყალბეს და არც ერთ პოლიტიკურ ძალას არ მისცემს გასაქანს, ვისი არსებობაც ამ მეთოდებზეა დამყარებული", - აღნიშნა კალაძემ. 

გიორგი გახარიას განცხადებით, საქართველო ევროპისკენ სწრაფვას განაგრძობს. 

„ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ დღეს ყველას არ გვილხინს, მაგრამ ის, რაც ჩვენ გავაკეთეთ ბოლო წლების განმავლობაში, მაშინ როდესაც არასდროს არ გვქონია ევროპასთან ისე ახლო ურთიერთობა, როგორც დღეს. ჩვენ გვაქვს უახლოესი ურთიერთობა ევროპასთან ეკონომიკის თვალსაზრისით. დღეს ყველა ქართველს შეუძლია უვიზოდ იმოგზაუროს ევროპაში და ეს ყველაფერი ბოლო წლების განმავლობაში მოხდა. ჩვენ უნდა ვიამაყოთ იმით, რაც გველის წინ, ის, რაც ჩვენ ჯერ კიდევ  ბევრი გვაქვს გასაკეთებელი; ის, რასაც ჩვენ მივაღწიეთ, მივაღწიეთ ჩვენს ლიდერთან, ბიძინა ივანიშვილთან ერთად. ევროპა არის საქართველოს წარსული, დღევანდელი დღე და მომავალი. გვესმის, რომ არიან ძალები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ჩვენს ევროპულ გზას. უსამართლობაა, რომ ადამიანი, რომელმაც გადაკვეთა საოკუპაციო ხაზი კეთილი ნებით, დღეს უნდა იყოს უკანონოდ დაკავებული, მიუხედავად ამისა, ჩვენ ამას გავუძლებთ და ჩვენი გზა იქნება გამარჯვება ევროპის ფარგლებში. უნდა გვახსოვდეს ჩვენი წარსული. ჩვენი ევროპული გზა უნდა ეყრდნობოდეს ჩვენს ტრადიციებს“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ცნობისთვის, მას შემდეგ, რაც დღევანდელი ღონისძიება დაანონსდა, მესამე სექტორი და აქტივისტები, ხელისუფლების მიერ ადამიანური რესურსის გამოყენებაზე ალაპარაკდნენ. კერძოდ, ისინი აცხადებდნენ, რომ ხელისუფლება სხვადასხვა რეგიონის მცხოვრებლებს ემუქრება და თბილისში, ღონისძიებაზე დასწრებას აიძულებს. გარდა ამისა, მათი მტკიცებით, მმართველი გუნდი გამგეობებსა და მერიებში დასაქმებულ ადამიანებს სამსახურის დაკარგვით აშანტაჟებდა. 


close დახურვა