logo
ENG



რასმუსენი: დავპირდით საქართველოსა და უკრაინას ადგილებს ნატოში, დროა გეგმა ჩამოვაყალიბოთ

03 იან 202216:01
3 წუთის საკითხავი
 

ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივნის, ანდრეს ფოგ რასმუსენის განცხადებით, ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა უნდა შეიმუშავოს გეგმა, რომლის ფარგებშიც საქართველოსა და უკრაინისთვის 2008 წელს მიცემული პირობა წევრობასთან დაკავშირებით შესრულდება. 

"ჩვენ დავპირდით საქართველოსა და უკრაინას ადგილებს ნატოს მაგიდასთან 2008 წელს და დროა ჩამოვაყალიბოთ სამოქმედო გეგმა ჩვენი დაპირების შესასრულებლად. საჭიროების შემთხვევაში, ჩვენ შეგვიძლია ამის გაკეთება იმ პირობით, რომ ნატოს მე-5 მუხლი მოიცავს მხოლოდ კიევისა და თბილისის კონტროლს დაქვემდებარებულ ტერიტორიებს, მაგრამ ნატოს არ შეუძლია ჰქონდეს ღია კარის პოლიტიკა გაფართოებასთან დაკავშირებით, მაშინ როცა პუტინი იქცევა, როგორც კარისკაცი", - წერს რასმუსენი  Politico-ში გამოქვეყნებულ წერილში

რასმუსენი ამბობს, რომ უნდა დასრულდეს პუტინის დეფაქტო ვეტო უკრაინასა და საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე. ნატოს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა უკრაინაში არსებულ მდგომარეობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ რუსეთს სანქციებით უნდა უპასუხონ. 

"ეს ასევე ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა დავასრულოთ პუტინის დე ფაქტო ვეტო უკრაინასა და საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე, რომელიც მიღწეულია ამ ქვეყნებში დაბალი დონის კონფლიქტების გაღვივებით, რომლის ინტენსივობაც ის [პუტინი] ამძაფრებს და ამცირებს თავისი დღის წესრიგის სასარგებლოდ.

შეიჭრება თუ არა პუტინი უკრაინაში? მხოლოდ მან იცის დანამდვილებით. მაგრამ თუ ის ამას გააკეთებს, ჩვენ უნდა გავუგზავნოთ მნიშვნელოვანი სამხედრო დახმარება უკრაინას და განვახორციელოთ ეკონომიკური სანქციები, რომლებიც დაანგრევს რუსეთის ეკონომიკას, მათ შორის, უნდა გაუქმდეს Nord Stream 2 ბუნებრივი გაზსადენი", - წერს რასმუსენი. 

მისივე თქმით, ნატო მშვიდობიანი ალიანსია და მისი ერთადერთი მიზანი ყოველთვის მშვიდობის დამყარება იყო. რასმუსენი ამბობს, რომ რუსეთთან მოლაპარაკებებს ყოველთვის ცდილობდნე, თუმცა პუტინის პოლიტიკამ ეს გაართულა. 

"მაშინაც კი, როდესაც რუსეთმა 2014 წელს დაარღვია წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი, ჩვენ მაინც ვცდილობდით დიალოგის დაწყებას. დიალოგი მნიშვნელოვანია, მაგრამ ის უნდა იყოს ჩვენი პირობებით, იმის გაცნობიერებით, რომ ჩვენ არ ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს მუქარისა და ესკალაციის საფუძველზე", - განაცხადა ანდრეს ფოგ რასმუსენმა.


close დახურვა