თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელის ლევან რატიანის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული ბოდბელი ეპისკოპოსის, მეუფე იაკობის მდგომარეობა სტაბილურია.
როგორც რატიანმა პალიტრანიუსის ეთერში აღნიშნა, მეუფე კლინიკას ხვალ დატოვებს.
"რაც შეეხება მეუფე იაკობის მდგომარეობას, სტაბილურია. ღმერთის წყალობით გამოჯანმრთელების პირასაა და ხვალ დატოვებს კლინიკას", - განაცხადა რატიანმა.
მისივე თქმით, კორონავირუსი დაამარცხა ურბნელმა მიტროპოლიტმა, მეუფე იობმაც და კლინიკიდან უკვე გაეწერა.
"მეუფე იობი გაეწერა. გუშინ მასთან ერთად ვიყავი წირვაზე, მხნედ ჩაატარა. ჩათვალეთ, რომ კორონავირუსის დაავადება ბოლომდე აქვს დამარცხებული", - განაცხადა ლევან რატიანმა.
ცნობისთვის, მეუფე იობს კორონავირუსი 19 დეკემბერს დაუდასტურდა, ხოლო მეუფე იაკობს 26 დეკემბერს.