logo
ENG



რატიანი:საქართველოში გადაადგილდებიან რუსეთის ჯაშუშები და მათ არ აქვთ არანაირი პრობლემა

16 ივნ 202012:32
3 წუთის საკითხავი
 

ის ფაქტი, რომ რუსეთის ჯაშუშები საქართველოში დაბრკოლების გარეშე შემოდიან და გადაადგილდებიან, სამარცხვინოა - ასე აფასებენ ოპოზიციის წევრები რუსეთის მოქალაქის დაკავებას, რომელიც "ფორმულას" ექსლუზიური ინფორმაციით, ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას მკვლელობას გეგმავდა.  ხელისუფლების ოპონენტები ითხოვენ, რომ გამოძიება მივიდეს ბოლომდე და ყველა კითხვას გაეცეს პასუხი.

„ევროპული საქართველოს“ წევრი სერგო რატიანი, აცხადებს, რომ ქვეყნის საზღვრები დაუცველია.

„ჩვენ ვხედავთ, რომ ჩვენი საზღვრები არის დაუცველი. საქართველოში გადაადგილდებიან ადამიანები, რუსეთის ჯაშუშები და მათ არ აქვთ არანაირი პრობლემა. რაც შეეხება იმ ფონს რა ფონიც იყო გაბუნიას ეთერის შემდეგ ეს იყო სამარცხვინო, და სრულიად შეუფერებელი ქართული სახელმწიფოსთვის, მით უმეტეს ჩვენ გვახსვს, რომ პრორუსულმა ძალებმა მოაწყეს ობსტრუქცია, დაიკავეს რუსთაველი და ეს იყო წახალისებული ხელისუფლების მხრიდან“,-განაცხადა სერგო რატიანმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, რომან გოცირიძეს მიაჩნია, რომ ხელისუფლებამ საქმესთან დაკავშირებით ღიად უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებები. გოცირიძე მმართველ გუნდს კადიროვის რაზმის მფარველობაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ დღევანდელი ხელისუფება კადიროვის რაზმებს არაერთხელ მფარველობდა.

„რუსეთი არის ტერორისტული სახელმწიფო, პირადად პუტინმა არაერთი ტერორისტული აქტი განახორციელა, მათ შორის მოწამვლების და მკვლელობების სახით. ეს პროცესი, როგორც ირკვევა არის უკრაინული სპეცსამსახურების მიერ გახსნილი და ძალიან ღია და აშკარა მტკიცებულებები უნდა წარმოადგინოს საქართველოს ხელისუფლებამ. ხელისუფლება არაერთხელ მფარველობდა კადიროვის რაზმებს და მათ წარმომადგენლებს“,-აცხადებს რომან გოცირიძე.

შეგახსენებთ, „ფორმულას“ ინფორმაციით, ქავთარაძის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციისას დაკავებული პირი რუსეთის მოქალაქეა და ის საქართველოში ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციისთვის იყო ჩამოსული. 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური "ფორმულას" ინფორმაციას ადასტურებს. უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ რუსეთის მოქალაქე ვ.ბ. შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე დაწყებული სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში დააკავეს.

 

 


close დახურვა