პარლამენტი დღეს საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს განიხილავს. სამ საათზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება, რომელსაც ოპოზიციაც დაესწრება. შესატანი ცვლილებებით კოდექსში ეუთო/ოდირის რეკომენდაციების ასახვა უნდა მოხდეს, რომელიც არაერთ მიმართულებას მოიცავს. მათ შორისაა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, გენდერული კვოტირება და საარჩევნო რეკლამა. ოპოზიციონერი დეპუტატები სხდომაზე საკუთარი წინადადებით მივლენ.
„ევროპული საქართველოში“ მიაჩნიათ, რომ საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით კონკრეტული ცვლილებებია საჭირო. პარტიაში აცხადებენ, რომ საარჩევნო უბნებთან შეკრება გარკვეულ რადიუსზე აკრძალული უნდა იყოს, სერგო რატიანის განმარტებით, ამ შემთხვევაში ხელისუფლება ადმინისტრაციულ რესურსს იყენებს.
გარდა ამისა, რატიანი აცხადებს, რომ პანდემიის პირობებში საარჩევნო უბნების დამატება აუცილებელია.
„შესაცვლელი არის კონკრეტული წესები, მაგალითად საარჩევნო უბნებთან შეკრება უნდა იყოს გარკვეულ რადიუსზე აკრძალული. აქ როგორც წესი ადმინისტრაციული რესურსი არის ხოლმე გამოყენებული, გარდა ამისა შეკრებილი არიან, კოორდინატორები, ძველი ბიჭები და ზეწოლას ახორციელებენ როგორც წესი ამომრჩეველზე. უნდა დაემატოს გარკვეული საარჩევნო უბნები, იმიტომ რომ პანდემიის პირობებში თავმოყრა და დისტანცია არის დასაცავი და დიდი საარჩევნო უბნები გასაყოფია და ქვეყნის მასშტაბით ალბათ დასამატებელი იქნება 500-მდე საარჩევნო უბანი“,- განაცხადა სერგო რატიანმა.
საპარლამენტო არჩევნები 2020 წლის ოქტომბერში ჩატარდება. დღეს პარლამენტში იმსჯელებენ თუ რა ფორმით უნდა ჩატარდეს პანდემიის პირობებში არჩევნები.
ამასთან 29 ივნისს პარლამენტმა საარჩევნო სისტემის ცვლილებებს მხარი დაუჭირა და ის 120/30-ზე მანდატების გადანაწილებით ჩატარდება.