logo
ENG



რატიანი სწავლის გადადებაზე: ეს გადაწყვეტილება სავსებით ადეკვატურია

11 სექ 202021:33
3 წუთის საკითხავი
 

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი, ლევან რატიანი, გადაცემა "პოლიტმეტრშიპრემიერმინისტრის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, სწავლის დაწყების გადადებასთან დაკავშირებით დადებითად აფასებს. მისი განცხადებით, რთულია სასწავლო პროცესის გადადება, მაგრამ ამ 2 კვირაში გამოჩნდება თუ რა მდგომარეობაა ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური კუთხით. 

ლევან რატიანის განცხადებით, ინფექციის გავრცელების პრევენციისათვის მნიშვნელოვანია სოციალური დისტანციის დაცვა მოხდეს.

"მე ვფიქრობ, რომ ეს გადაწყვეტილება სავსებით ადეკვატურია. ინფექციის გავრცელება მასიური თავშეყრის ადგილებმა გამოიწვია. აღნიშნულიდან გამომდინარე, სკოლაში, ბაღში, უნივერსიტეტში სასწავლო პროცესის დაწყება გადაიდო. მესმის რა არის სასწავლო პროცესის გადადება, მაგრამ 2 კვირის განმავლობაში გამოჩნდება სტრატეგია თუ საით მივდივართ. 

ინფექციის გავრცელების შეჩერების ერთ-ერთი გზა არის სოციალური დისტანცია. სოციალური დისტანცია გამოიწვევს ინფიცირებულთა რაოდენობის შემცირებას, სწორედ აღნიშნულიდან გამომდინარე დავეთანხმე სწავლის დაწყების გადადებას 1 ოქტომბრამდე", - განაცხადა ლევან რატიანმა.

შეგახსენებთ, რომ თბილისში, ქუთაისში, გორში რუსთავსა და ფოთში სასწავლო დაწესებულებებში სწავლის დაწყება პირველ ოქტომბრამდე გადაიდო. მისივე განმარტებით, 15 სექტემბრიდან დისტანციურ რეჟიმში დაიწყება სწავლა ყველგან, მათ შორის, ეს ეხება კერძო დაწესებულებებსაც.

11 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 87 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. სულ ქვეყანაში, დღეის მდგომარეობით ინფიცირების 1 917 შემთხვევაა გამოვლენილი, გამოჯანმრთელებულების რაოდენობა 20-ით გაიზარდა და 1354-ს შეადგენს. 19 ადამიანი ვირუსის შედეგადაა გარდაცვლილი.


close დახურვა