logo
ENG



რატომ დაბრუნდა მერსედესი მცხეთაში - შაქარაშვილის საქმის ახალი დეტალები

14 ივლ 202012:09
3 წუთის საკითხავი
 

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმის მასალებში არსებული სატელეფონო ანძის ამონაწერებით ირკვევა, რომ ინციდენტის შემდეგ „მერსედესის“ მგზავრები მცხეთაში დაბრუნდნენ.

ცნობილი ხდება, რომ ნიკა ჟვანიას ურეკავს ვახტანგ ჩიქოვანი, „ტოიოტას“ მგზავრი - ჟვანია მცხეთაში მეორე დღესაც ფიქსირდება.

ჟვანიას ადვოკატი არ პასუხობს კითხვას, სთხოვეს თუ არა „ტოიოტას“ მგზავრებმა ნიკა ჟვანიას დახმარება.

საქმეში ჩნდება კიდევ ერთი ახალი ჩვენება - დაბადების დღეზე მყოფი გუგა მაჭავარიანი ამბობს, რომ მან მეგობართან ერთად ჩააკითხა მცხეთაში ვახო ახვლედიანსა და გიორგი ქათამაძეს.

როგორც გუგა მაჭავარიანი ყვება, მან მცხეთა დაბადების დღის შემდეგ დატოვა. თუმცა მის მეგობარს, კახა კვაჭანტირაძეს გიორგი ქათამაძემ დაურეკა და სთხოვა მცხეთაში ჩასვლა.

გუგა მაჭავარიანი ჩვენებაში ამბობს, რომ მან და კახა კვაჭანტირაძემ მოიკითხეს გიორგი შაქარაშვილი და გუკა ამირხანაშვილი, თუმცა ახვლედიანმა და ქათამაძემ მათი ადგილსამყოფელი არ იცოდნენ. მაჭავარიანის თქმით, ახვლედიანმა ისინი დაინახა, როგორ გარბოდნენ მის წინ, ხოლო ბუჩქებში დამალვის შემდეგ აღარ უნახავს.

გიორგი შაქარაშვილი 19 ივნისს, არაგვის ხეობაში დაიკარგა - მის ცხედარს მაშველებმა 22 ივნისს მიაკვლიეს.

ექსპერტიზის დასკვნით, გიორგი შაქარაშვილი ასფიქსიით გარდაიცვალა - მას დაზიანებები სიცოცხლეში ჰქონდა მიყენებული.

მისი გარდაცვალების საქმეზე 17 ადამიანია დაკავებული - შსს არ გამორიცხავს, რომ ბრალდებულთა წრე გაფართოვდეს.


close დახურვა