logo
ENG



რატომ მუშაობს მძიმე ტექნიკა მეწყრულ ზონაში

01 აპრ 202116:04
3 წუთის საკითხავი
clock 629
რატომ მუშაობს მძიმე ტექნიკა მეწყრულ ზონაში

ვაშლიჯვრის მეწყრულ ზონაში მძიმე ტექნიკა მუშაობს. თბილისის მერიაში განმარტავენ, რომ ადგილზე პრევენციული ღონისძიებები ხორციელდება, მათ შორის, ამონტაჟებენ წყალსადენი მილის ურდულებს და დაწყებულია დროებითი წინაღობის მოწყობა.

"ამ ეტაპზე ხორციელდება სხვადასხვა სახის პრევენციული ღონისძიება, რაც დაიგეგმა სპეციალურ სამუშაო ჯგუფში ჩართული ქართველი და უცხოელი სპეციალისტების მიერ.

მაჭავარიანის ქუჩასა და მეწყრულ არეალს შორის გადის მაღალი წნევის მაგისტრალური წყალსადენის სამი მილი, რითაც მარაგდება დედაქალაქის გარკვეულ ნაწილი.

პირველ რიგში, ამ არეალში ე.წ. ჩამკეტი ურდულები გაკეთდება, რათა საფრთხის არსებობის შემთხვევაში, ოპერატიულად მოხდეს ამ მილების წყლისგან დაცლა და ჩაკეტვა. ასევე დაწყებულია დროებითი წინაღობის მოწყობა, კეთდება კედლის ვერტიკალური საბჯენი (ე.წ. კონტრფორსი). ფერდზე მიმდინარეობს დროებითი მისასვლელი გზის გაყვანა", - განმარტავენ მერიაში. 

მძიმე ტექნიკის მუშაობის ამსახველი ვიდეომასალა სეისმოლოგმა თეა გოდოლაძემ ფეისბუქით გაავრცელა. მისი ვარაუდით, ადგილიდან მიწის მასები გააქვთ და უცნობია ვისი დასკვნის საფუძველზე დაიწყეს იქ მუშაობა. 

"მეწყრის ტანზე არის შეხება, საინჟინრო გადაწყვეტილებისა და ინჟინრის გარეშე შეუძლებელია, არ უნდა მოხდეს. საინტერესოა რა დოკუმენტის, საფუძველზე ხდება.

მე რაც ვნახე, მიწის მასების ჩამოტანა ხდება, ანუ შეხება ხდება "ენაზე" და რეალურად მოხსნა. მძიმნე ტექნიკის მუშაობა იქ ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელია, იმიტომ, რომ ფონური ხმაური იზრდება. ვიბრაცია ესაა დამატებითი დატვირთვები", - ამბობს გოდოლაძე ფორმულასთან საუბრისას.  

მისივე განმარტებით, მთელი ფერდი დინამიკაშია, "მთლიანად სხეული მოძრაობაშია", დანაწევრებულია და მასზე ჩარევამ შეიძლება, მატრიგერირებელი როლი ითამაშოს. 

თბილისში, ვაშლიჯვრისა და ნუცუბიძის დამაკავშირებელ გზასთან მეწყრული პროცესების დაწყებაზე ცნობილი 18 მარტს გახდა.

თუმცა, ფორმულას ინფორმაციით, თბილისის მერია მეწყრული პროცესების შესახებ სექტემბერშივე იყო ინფორმირებული. ხოლო ნაპრალების გაჩენის შესახებ თბილისის მერს 1 მარტს ჰქონდა ინფორმაცია.

ფერდობზე ნაპრალების ამსახველი ფოტო ინტერნეტით, Forum.ge-ზე გავრცელდა. ამის მიუხედავად, ადგილზე მძიმე ტექნიკის გამოყენებით გზის დაგების სამუშაოები ისევ გრძელდება. 

რა ხდება ფერდობის მიმდებარე ტერიტორიაზე, სრულად იხილეთ აქ.

 


close დახურვა