ვაშინგტონში მომუშავე ჟურნალისტი ალექს რაუფოღლუ X-ზე წერს, რომ სახელმწიფო დეპარტამენტში საქართველოს ხელისუფლებას დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან სადიგოვის დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდეს.
რაუფოღლუ სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ ღრმად არის შეწუხებული თბილისში აფგან სადიგოვის დაკავების შესახებ ცნობებით.
"ჩვენ ღრმად ვართ შეწუხებულები თბილისში აფგან სადიგოვის დაკავების შესახებ ცნობებით. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას პატივის სცეს ადამიანის უფლებებს და ფუნდამენტურ თავისუფლებებს და დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ის - მითხრა სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა", - წერს ალექს რაუფოღლუ X-ზე.
ის ასევე ამბობს, რომ სახელმწიფო დეპარტამენტმა მოუწოდა აზერბაიჯანის ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს უსამართლოდ დაკავებული პირები და თავი შეიკავოს სამოქალაქო საზოგადოებაზე თავდასხმებისგან.
""მისი დაკავება აზერბაიჯანის სამოქალაქო საზოგადოების განგრძობადი დაკავებების კონტექსტში ხდება, და ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ აზერბაიჯანის ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს უსამართლოდ დაკავებული პირები, თავი შეიკავოს სამოქალაქო საზოგადოებაზე თავდასხმებისგან, მათ შორის, საზღვარგარეთ და შეწყვიტოს ძალისხმევა, ძირი გამოუთხაროს პრესის თავისუფლებას - მითხრა სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა" - აცხადებს ალექს რაუფოღლუ.
3 აგვისტოს საქართველოში აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან სადიგოვი დააკავეს.
თავდაპირველად ჟურნალისტის დაკავების შესახებ სოციალურ ქსელში გახდა ცნობილი - შესაბამისი ვიდეო მასალა სადიგოვის ცოლმა Facebook-ზე გაავრცელა. ვიდეოში ჩანს, რომ ინგოროყვას ქუჩაზე ცოლ-შვილთან ერთად მყოფ ჟურნალისტს შკოდის მარკის ავტომობილში სვამენ. მისი დაკავება არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით მოხდა.
4 აგვისტოს აზერბაიჯანელ ჟურნალისტს თბილისის საქალაქო სასამართლომ საექსტრადიციო პატიმრობა შეუფარდა.