"რაც შეიძლება მეტი HA HA!" - ასე ეხმაურება ქართული ოცნების წევრი, არჩილ თალაკვაძე მიხეილ სააკაშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ის უკვე საქართველოშია.
"მოდელირებული ქრონიკის ავტორებისგან რა უნდა გაგიკვირდეს? ომი დადგეს მედიით. თავისი ჩამოსვლაც ისეთ სტილში წარმოუდგენია, როგორც გორში თვითმფრინავის დანახვისას მოიქცა", - წერს თალაკვაძე ფეისბუქზე.
მიხეილ სააკაშვილმა დღეს, 1-ელ ოქტომბერს Facebook-ზე პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც წერდა, რომ საქართველოში იმყოფება.
"დილა მშვიდობისა, საქართველო. უკვე საქართველოდან 8 წლის შემდეგ", - წერს სააკაშვილი.
მოგვიანებით, მან ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც ამბობს, რომ ბათუმში იმყოფება.
"ეს არის ჩემი ბათუმი. ორში ყველა უნდა მივიდეთ არჩევნებზე, მივცეთ ხმა ენმ-ს. არავითარ შემთხვევაში არც ივანიშვილს, არც გახარიას, არც მათ სატელიტებს. თუ ენმ არ მოგწონთ, მიეცით ხმა შედარებით პატიოსან, პატარა პარტიებს. აქ უნდა ყოფილიყო ბათუმის ამერიკული ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, რომელიც გაანადგურეს. ვაქცინაც გვექნებოდა და არც კოვიდით დაგვეხოცებოდა ამდენი ხალხი.
ისე მენატრებოდა აქაურობა...", - თქვა მან.
ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მიხეილ სააკაშვილს საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს.
ოცნებაში კი ამტკიცებენ, რომ გავრცელებული მიმართვა fake ვიდეოა და ის საქართველოში არ იმყოფება.