logo
ENG



რეგიონებში დაბოქლომების აქციის მონაწილეებს ცოცხები დაახვედრეს

22 ნოე 201910:28
3 წუთის საკითხავი
 
v6rl6z0x4iyuyfk.jpg

„ევროპულმა საქართველომ" და სამოქალაქო აქტივისტებმა რეგიონებში „დაბოქლომების“ აქცია დაიწყეს.  ამ დროისთვის „დაბოქლომების“ აქცია უკვე გაიმართა გურიაში, ლაგოდეხში, წალენჯიხაში, ჩხოროწყუში, ხაშურში, ახალციხეში, ახალქალაქსა, და თელავში.

პოლიციის თანამშრომლების მობილიზება იყო გურიაში, სადაც აქციის მონაწილეები პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის მაჟორიტარული ოლქის „დაბოქლომებას“ ცდილობდნენ. სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეებს ბოქლომები ჩამოართვეს.

„ევროპული საქართველოსა" და აქტივისტების ბოქლომებს ცოცხები დაახვედრეს ლაგოდეხში, სადაც აქტივისტები ლაგოდეხის მაჟორიტარი დეპუტატის გურამ მაჭარაშვილის ბიუროს ოთახის დაბოქლომებას აპირებდნენ.

აქცია იყო ქალაქ რუსთავშიც, სადაც „ევროპული საქართველოს“ რუსთავის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ნინო იმედაშვილი, რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატის, პაატა მხეიძის ოფისთან ბოქლომით მივიდა. „ევროპული საქართველოს“ წევრებს ადგილზე საპატრულო პოლიცია დახვდა, იყო მცირე კამათიც. საბოლოოდ პოლიციამ აქციის მონაწილეები ოფისის კარამდე არ მიუშვა.

ხმაური მოყვა ქუთაისში მაჟორიტარი დეპუტატის დიმიტრი მხეიძის კაბინეტის კარზე ბოქლომის დადების მცდელობასაც. დეპუტატის მხარდამჭერებმა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს დაბოქლომების საშუალება არ მისცეს, რასაც დაპირისპირებაც მოჰყვა. დაპირისპირების შემდეგ კი, „ქართული ოცნების" მხარდამჭერებმა ქუთაისის საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატის გიგა შუშანიას კაბინეტთან ცოცხები მიიტანეს. 

შეგახსენებთ, რომ პირველად ბოქლომები 18 ნოემბერს ოპოზიციურმა პარტიებისა და პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის მონაწილეებმა საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელებს დაადეს. ამის შემდეგ დაბოქლომების აქცია 21 ნოემბერს გაგრძელდა - ბოქლომები დაადეს კანცელარიის, საქალაქო სასამართლოსა და პროკურატურის შენობებს. 22 ნოემბერს ოპოზიციისა და სამოქალაქო აქტივისტები ბოქლომების დადებას რეგიონებში გააგრძელებენ.


close დახურვა