logo
ENG



რეგულირების სააგენტო ნინოწმინდის პანსიონში სალიცენზიო პირობებს ამოწმებს

04 ივნ 202112:15
3 წუთის საკითხავი
 

ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტო ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში სალიცენზიო პირობებს ამოწმებს.

როგორც სააგენტოს თანამშრომელი, ტარიელ კაშია ჟურნალისტებთან საუბრისას ამბობს, მათ უნდა შეისწავლონ ბენეფიციარების საცხოვრებელი გარემო, ჰიგიენური ნორმები, კვების რაციონი და ა.შ.

მისივე თქმით, სააგენტოს კომპეტენცია შესაძლო ძალადობის შესწავლა არაა.

"ჩვენ უნდა შევისწავლოთ 66-ე დადგენილების მიხედვით სააღმზრდელო დაწესებულების პირობები. ძალადობის ფაქტები არ არის ჩვენი კომპეტენცია. ჩვენ ვამოწმებთ წელიწადში ერთხელ"- ამბობს სააგენტოს თანამშრომელი.

ოგორც ის განმარტავს, დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში შედგება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და პანსიონს მიეცემა გამოსასწორებელი ვადა.

ტარიელ კაშიას თქმით, გამოსასწორებელი დროის შემდეგ თუ ისევ გამოვლინდება დარღვევები ოქმი კიდევ შედგება, ამის შემდეგ კი შესაძლოა პანსიონს ლიცენზია გაუუქმდეს.

სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ინფორმაციით, ნინოწმინდის პანსიონის შემოწმებისას 6-მა არასრულწლოვანმა დაწესებულების დატოვების სურვილი გამოთქვა. ასევე, იდენტიფიცირებულია კიდევ 10 ბავშვი, რომელთა გამოყვანაზეც მიმდინარეობს მუშაობა. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ პანსიონში სავარაუდო ძალადობის ფაქტზე კიდევ ერთი გამოძიება დაიწყო. მანამდე, ბოლო რამდენიმე წელია გამოძიება კიდევ 4 საქმეზე, მათ შორის, სავარაუდო გაუპატიურების ფაქტზე მიმდინარეობს. 

ასევე, გუშინ, 3 ივნისს ფორმულამ გავრცელა ინტერვიუ პანსიონის ყოფილ აღსაზრდელთან, რომელიც იქ გატარებულ წლებს იხსენებს და ბავშვებზე ფიზიკურ ძალადობაზე საუბრობს. იგი ამბობს, რომ აღმზრდელები მათთან "ჯოჯოხეთს ატრიალებდნენ". 

"იყო ძალიან მძიმე ფაქტები ჩემთან და სხვებთან მიმართებით, იყო ბულინგი, ცემა რეიკებით, სახაზავებით, რაც ხელში მოყვებოდათ. [გვცემდნენ] აღმზრდელები, რომლებსაც ვითომ კაბა ეცვათ და ღმერთი სწამდათ სინამდვილეში კი იქ ჯოჯოხეთი ჰქონდათ დატრიალებული.

ლოგინის რეიკებით, ხის სახაზავებით, თუ არ დავიძინებდით შუადღეზე რეიტუზებით აგვიკრავდნენ თვალებს და გვაძინებდნენ, თუ არ დავიძინებდით და მასწავლებლებს არ დავემორჩილებოდით, მათ თავს არ დავუხრიდით, გვათენებინებდნენ პურის მარცვლებზე და ბრინჯზე 24 საათით მუხლებით, კუთხეში", -  ყვება ის. 

პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR) გეგმავს, რომ სასამართლოს შუამდგომლობით მიმართონ და მოითხოვენ ნინოწმინდის პანსიონიდან ყველა ბავშვის გამოყვანა.


close დახურვა