logo
ENG



რეესტრმა ალტ-ინფოს რეგისტრაცია დროებით დაახარვეზა და 10 დღე მისცა

26 ნოე 202116:51
3 წუთის საკითხავი
 
2021/11/26/czzs9m7nsp879yr.jpg

საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ ძალადობრივი და ჰომოფობიური გაერთიანება ალტ-ინფოს პარტიის კონსერვატიული მოძრაობის რეგისტრაცია დაახარვეზა.

როგორც რეესტრის გადაწყვეტილებაშია აღნიშნული, სარეგისტრაციოდ წარდგენილი დოკუმენტაცია არ შეესაბამება რეგისტრაციის პირობებს. მათ შორისაა, ემბლების შეუსაბამობა, წესდების მუხლებს შორის ურთიერთშეუსაბამობა და არასაკმარისი ინფორმაციის წარდგენა. 

ხარვეზების აღმოსაფხვრელად ალტ-ინფოს 10-დღიანი ვადა მიეცა. 

რეესტრი შემდეგ ხარვეზებზე ამახვილებს ყურადღებაზე:

  • კანონით განსაზღვრულია ხელმძღვანელი პირის (პირების) ხელმოწერილი განცხადების წარდგენის ვალდებულება. ყრილობის ოქმის მიხედვით, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების გენერალურ მდივნად (ხელმძღვანელ პირად) არჩეულ იქნა გიორგი ქარდავა, რომელიც ხელს არ აწერს წარმოდგენილ განცხადებას.
  • მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების ყრილობის მიერ დამტკიცებული წესდების 22.2 მუხლის მიხედვით, "წესდება ძალაში შედის დამფუძნებელი ყრილობის ყველა წევრის მიერ ხელმოწერის მომენტიდან". სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი წესდება ხელმოწერილია მხოლოდ ყრილობის თავმჯდომარის მიერ.
  • პარტიის დამფუძნებელი ყრილობის ჩატარებიდან ერთი კვირის ვადაში, სააგენტოში წარდგენილი უნდა იქნეს პარტიის არანაკლებ 1000 წევრის სია, სახელის, გვარის, დაბადების თარიღის, პირადობის მოწმობის ნომრის, სამუშაო ადგილის, საცხოვრებელი ადგილის მისამართის, ტელეფონის ნომრის მითითებითა და მათი ხელმოწერებით. მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების წევრთა სია არ შეიცავს ინფორმაციას მათი პირადობის მოწმობის ნომრების შესახებ.
  • წესდებაში უნდა აღინიშნოს პარტიის სახელწოდება, აგრეთვე მისი შემოკლებული დასახელება, თუ ასეთი გამოიყენება. სარეგისტრაციოდ წარდგენილ წესდებასა და თანდართულ დოკუმენტებში მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების სახელწოდება მითითებულია არაერთგვაროვნად.
  • მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების წესდების 21.2 მუხლის მიხედვით "პარტიის ემბლემა არის შინდისფრად გამოსახული 5 მცირე ზომის ჯვარი, რომელიც მთლიანობაში გამოსახულია ერთი დიდი ზომის ჯვრის სახით. ჯვრის გვერდით, ქართულ და ინგლისურ ენებზე წარმოდგენილია პარტიის ოფიციალური დასახელება". სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი ემბლემის ესკიზი არ შეესაბამება მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების წესდებით განსაზღვრულ აღწერილობას.
  • პარტიის ხელმძღვანელი, აღმასრულებელი და მაკონტროლებელი ორგანოები არიან: "პარტიის წევრთა ყრილობა (კონგრესი, ასამბლეა, კონფერენცია და სხვ.), გამგეობა (საბჭო, დარბაზი, სამდივნო, კომიტეტი და სხვ.), სარევიზიო კომისია (საზედამხედველო კომისია, საკონტროლო კომისია და სხვ.). პარტიის ხელმძღვანელი ორგანო – პარტიის წევრთა ყრილობა არის პარტიის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო". სარეგისტრაციოდ წარდგენილი წესდებით პარტიის ყრილობა არ არის განსაზღვრული ხელმძღვანელ ორგანოდ. ასევე, სარევიზიო კომისია არ მოიხსენიება ერთგვაროვნად წესდების 6.4, 6.6, 6.7, 12.1.6 მუხლებში.
  • საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად, "ყრილობის განსაკუთრებული უფლებამოსილებაა პარტიის წესდების მიღება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა, პარტიის ხელმძღვანელი, აღმასრულებელი და მაკონტროლებელი ორგანოების არჩევა". მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების წესდების 10.3 მუხლი პარტიის პოლიტიკური საბჭოს, სარევიზიო კომისიისა და პარტიის თავმჯდომარის არჩევის ნაცვლად ითვალისწინებს დანიშვნას.
  • წესდებაში უნდა აღინიშნოს პარტიის ქონების შექმნის წყაროები და მისი გამოყენების წესი. მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების წესდება პარტიის ქონების გამოყენების წესს არ ითვალისწინებს.
  • მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების წესდების 16.3. მუხლის მიხედვით, "პარტიის თავმჯდომარის უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში, პარტიის თავმჯდომარის არჩევამდე მის მოვალეობას ასრულებს პოლიტიკური საბჭოს მიერ არჩეული პოლიტიკური საბჭოს ერთ-ერთი წევრი". ამავე წესდების 17.5 მუხლის მიხედვით, "პარტიის გენერალური მდივანი ასრულებს პარტიის თავმჯდომარის მოვალეობას პარტიის თავმჯდომარის არყოფნის და/ან უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში, პარტიის ახალი თავმჯდომარის არჩევამდე". წესდების 16.3. და 17.5. მუხლები ურთიერთშეუსაბამოა.

პრორუსულმა, ძალადობრივმა ჯგუფმა ალტ-ინფომ პარტია 22 ნოემბერს დააფუძნა. ყრილობაზე მათ პარტიის პოლიტსაბჭოს წევრები და მისი თავმჯდომარე, ზურაბ მახარაძე აირჩიეს. 

პარტიის დამფუძნებლები 5 ივლისის ძალადობის ორგანიზატორები არიან - კონსტანტინე მორგოშია, ზურაბ მახარაძე, შოთა მარტინენკო და სხვები. 


close დახურვა