logo
ENG



პრორუსულმა, ძალადობრივმა ჯგუფმა, ალტ-ინფომ პარტია დააფუძნა

20 ნოე 202113:23
3 წუთის საკითხავი
 

პრორუსულმა, ძალადობრივმა ჯგუფმა ალტ ინფომ პარტია დააფუძნა. 

პარტიას სახელად კონსერვატიული მოძრაობა ერქმევა. 

დამფუძნებელი ყრილობა ამ წუთებში მიმდინარეობს. 

პარტიის დამფუძნებლები 5 ივლისის ძალადობის ორგანიზატორები არიან - კონსტანტინე მორგოშია, ზურაბ მახარაძე, შოთა მარტინენკო და სხვები. 

პარტიის თავმჯდომარედ ზურაბ მახარაძე აირჩიეს. 

"რაზე უნდა ველაპარაკოთ ჩვენ რუსეთს, როცა იქ ჩავალთ? ყველაფერი იქნება თქვენთან შეთანხმებული და დეკლარირებული. სათქმელი გვაქვს კონკრეტული: თუ რუსეთის ფედერაციას მართლა უნდა საქართველოსთან მოკავშირეული მდგომარეობა, ჩვენ მზად ვართ, არათუ პირდაპირი და უპირობო დიალოგი დავიწყოთ, არამედ ვიმუშაოთ, რომ რუსეთის ფედერაციასთან დავალაფოთ პარტნიორული და მოკავშირეული ურთიერთობა". - თქვა მახარაძემ სიტყვით გამოსვლის დროს. 

5 ივლისის ძალადობა

2021 წლის 5 ივლისს, 18:00 საათზე Tbilisi Pride-ის კვირეულის ფარგლებში ღირსების მარში უნდა გამართულიყო. მსვლელობა რუსთაველის მეტროსთან 18:00 საათზე დაიგეგმა. საპატრიარქომ მალევე დააანონსა მარშის საწინააღმდეგო აქცია. 

5 ივლისს, დილის 09:00 საათიდან ძალადობრივი ჯგუფები ალტ ინფოს და კოკა მორგოშიას ლიდერობით ჯერ ქაშუეთის ტაძრის უკან შეიკრიბნენ, მალევე კი პარლამენტის წინ გადმოინაცვლეს და ოპოზიციონერი აქტივისტების კარვები დაშალეს.

მალევე მათ დაიწყეს ადგილზე მოვლენების გასაშუქებლად მისულ ჟურნალისტებზე ფიზიკური ძალადობა. სცემეს, მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა, დაუზიანეს აპარატურა და პირადი ნივთები მედიის 53 წარმომადგენელს, მათ შორის ფორმულას რამდენიმე გადამღებ ჯგუფს.

შეკრებილ ჯგუფებს ძალადობისკენ მოუწოდებდნენ სასულიერო პირები.

"არა ძალადობას კი არა, ვალდებულები ხართ, იძალადოთ სამშობლოსთვის" - ასე მიმართა შეკრებილებს დეკანოზმა სპირიდონმა. 

ძალადობრივმა ჯგუფებმა გადაინაცვლეს მოძრაობა სირცხვილიას და თბილისი პრაიდის ოფისებთან.

სირცხვილიას ოფისთან ჩაამსხვრიეს მინები, თბილისი პრაიდის ოფისში შეიჭრნენ და დაარბიეს ის. სწორედ სირცხვილიას ოფისის ფოიეში სასტიკად სცემეს ტვ პირველის ოპერატორს, ლექსო ლაშქარავას, რომელიც ცემიდან 6 დღეში გარდაიცვალა. 

სირცხვილიას ოფისზე თავდასხმას ორგანიზება სწორედ კონსტანტინე მორგოშიამ გაუწია. 

ძალადობრივმა ჯგუფებმა სცადეს გაეროს ოფისში შეჭრაც. 

მთელი დღის განმავლობაში ადგილზე მობილიზებული იყო მცირე რაოდენობით პოლიციელი. ამაზე შს მინისტრმა განაცხადა, რომ იმდენი სამართალდამცველი იქნა მობილიზებული, "რისი საშუალებაც იყო". 

5 ივლისს, მაშინ, როცა ჟურნალისტებზე უკვე ძალადობდნენ, პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ვითარების შესაძლო გართულებაზე პასუხისმგებლობა დააკისრა არა ძალადობრივი აქციის წევრებს, არამედ ღირების მარშის ორგანიზატორებს და მოუწოდა მათ, არ ჩაეტარებინათ მსვლელობა რუსთაველის გამზირზე. 

ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ დაგეგმილი "ღირსების მარში" მისთვის "მიზანშეუწონელი" და საფრთხის შემცველია. მისივე თქმით, ღირსების მარშის მიღმა ოპოზიცია დგას. 

ღირსების მარში გაუქმდა, თუმცა, რუსთაველის გამზირზე ძალადობა კიდევ რამდენიმე საათს გაგრძელდა. 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მედიის დაცვის მექანიზმად ჟურნალისტების გადაღების მოედნიდან გაყვანა გამოიყენა. 

5 ივლისს განვითარებული მოვლენების გასაპროტესტებლად 6 ივლისს დაიგეგმა აქცია სოლიდარობისთვის.  თუმცა პრორუსულმა ჯგუფებმა ამ აქციაზეც იძალადეს. მათ აქციის მონაწილეებს ქვები, კვერცხები და წყლის ბოთლები ესროლეს. 

იმავე დღეს პოლიციამ რამდენიმე ადამიანი დააკავა. მოგვიანებით დააკავეს 5 ივლისის ძალადობაში მონაწილეებიც, თუმცა, არა ყველა მათგანი. სულ საქმეზე 30-მდე პირია დაკავებული. ამ დრომდე არ არიან დაკავებული აქციის ორგანიზატორები. 


close დახურვა