უკრაინის თავდაცვის მინისტრის, ოლექსი რეზნიკოვის თქმით, F-16-ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავებზე უკრაინელი მფრინავების წვრთნები აგვისტოში დაიწყება.
ამის შესახებ რეზნიკოვმა CNN-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, F-16-ებზე წვრთნებს მინიმუმ 6 თვე დასჭირდება. ამასთან, მან აღნიშნა, რომ უკრაინას ჯერ კიდევ სჭირდება დამატებითი ინფრასტრუქტურა საბრძოლო თვითმფრინავებისთვის.
რეზნიკოვი აცხადებს, რომ უკრაინელი მფრინავები F-16-ებს უკრაინის ცაში მომავალი წლის გაზაფხულამდე გამოიყენებენ. მისი განცხადებით, უკრაინას რომ ახლა საბრძოლო თვითმფრინავები გააჩნდეს, ისინი მიმდინარე კონტრშეტევაში უფრო მეტი პროგრესის მიღწევაში დაეხმარებოდნენ.
12 ივლისს უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმა F-16 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავებისთვის უკრაინელი მფრინავების გადასამზადებელი კოალიციის შექმნის შესახებ მემორანდუმს მოაწერა ხელი - მემორანდუმზე ხელმოწერა ვილნიუსში, 11 დასავლელ კოლეგასთან ერთად შედგა. რეზნიკოვმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა დანიასა და ნიდერლანდებს, რომლებმაც ამ პროცესში ლიდერობა გამოიჩინეს.
რეზნიკოვის განცხადებით, მემორანდუმში აღნიშნულია, რომ გადამზადების პროგრამაში მონაწილეობას მიიღებენ უკრაინელი მფრინავები, ტექნიკოსები და პერსონალი. განცხადების თანახმად, შესაძლოა განიხილონ სხვა ტიპის მებრძოლების ჩართვა ამ პროგრამაში - უკრაინასთან ერთად, კოალიციაში გაერთიანებულია დანია, ნიდერლანდები, ბელგია, კანადა, ლუქსემბურგი, ნორვეგია, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, შვედეთი და დიდი ბრიტანეთი.
15 ივლისს, Politico-მ დაწერა, რომ 11 ქვეყნისგან შემდგარი კოალიცია, რომელმაც უკრაინელი პილოტები F-16 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავებისთვის უნდა გადაამზადოს, წვრთნების დასაწყებად ჯერ კიდევ ელოდება აშშ-ის ოფიციალურ დასტურს.
კოალიციამ, რომელსაც დანია და ნიდერლანდები ხელმძღვანელობს, უკრაინელი მფრინავების გადასამზადებლად მემორანდუმს NATO-ს სამიტის პარალელურად, ვილნიუსში მოაწერა ხელი. ევროპელი ლიდერები იმედს გამოთქვამენ, რომ პროგრამის განხორციელებას აგვისტოში დანიაში დაიწყებენ - საწვრთნელი ცენტრი შეიქმნება რუმინეთშიც.
თუმცა როგორც Politico წერს, პროგრამა ვერ დაიწყება, სანამ სახელმწიფო დეპარტამენტი ოფიციალურად არ მოაწერს ხელს F-16-თან დაკავშირებული მასალების გადაცემის მოთხოვნას, რაც ჯერ არ მომხდარა. აქვე აღნიშნულია, რომ წვრთნების განხორციელებას აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა "მწვანე შუქი აუნთო", თუმცა როგორც პენტაგონის პრესსპიკერი ამბობს, ოფიციალური თანხმობა ჯერ კიდევ განხილვის პროცესშია.