logo
ENG



რეზნიკოვი: დროა ლეგალურად ვაღიაროთ რუსეთი ტერორისტულ სახელმწიფოდ

11 ოქტ 202214:01
3 წუთის საკითხავი
 
2022/10/11/p9t846uebm2htb5.jpg

უკრაინის თავდაცვის მინისტრის, ოლექსი რეზნიკოვის განცხადებით, დროა მსოფლიომ ლეგალურად აღიაროს რუსეთი ტერორისტულ სახელმწიფოდ.

"დროა სიმართლეს თვალი გავუსწოროთ და ლეგალურად ვაღიაროთ რუსეთი ტერორისტულ სახელმწიფოდ. როგორც ეს უკვე უკრაინამ და ლიეტუვამ გააკეთეს, ესტონეთი კი ემზადება. იყავით უკრაინელებივით მამაცი!" - თქვა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა.

გუშინ რეზნიკოვმა განაცხადა, რომ უკრაინელი ხალხის გამბედაობა არასოდეს განადგურდება ტერორისტების რაკეტებით, მაშინაც კი, როცა ისინი უკრაინის დედაქალაქს ხვდება. მისი თქმით, რუსები არც მოკავშირეების სიმტკიცეს შეარყევენ. როგორც უკრაინის თავდაცვის მინისტრი აღნიშნავს, ერთადერთი, რასაც ისინი შეუქცევადად ანადგურებენ არის რუსეთის მომავალი.

გუშინ დილით უკრაინის ოფიციალურმა პირებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ აფეთქებების ხმა ისმის კიევში, ჟიტომირში, ხმელნიცკში, დნიპროში, ვინაცაში და ტერნოპოლში.

რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 83 რაკეტა გაისროლა. მათგან 41 უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემამ (AD) გაანეიტრალა. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, გენერალმა ვალერი ზალუჟნიმ განაცხადა. 

უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის პრესსამსახურის ინფორმაციით, გუშინ, უკრაინის ქალაქებზე განხორციელებული მასიური სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 19-მდე გაიზარდა, დაშავებულთა რაოდენობამ კი 105-ს მიაღწია.


close დახურვა