უკრაინის თავდაცვის მინისტრის, ოლექსი რეზნიკოვის განცხადებით, მოსალოდნელი ახალი შეტევის დროს რუსები აღმოსავლეთით და სამხრეთით კონცენტრირდებიან.
"რუსებმა გასული წლის თებერვალში უკრაინის ერთდროულად აღების ტაქტიკა სცადეს. ეს არ გამოვიდა. რესურსი გაიფანტა, დაკარგეს ბევრი ელიტური დანაყოფი. ახლა მათ ახალი ტაქტიკა აქვთ - ეს არის კონცენტრირებული, მცოცავი მცდელობები, ცოტ-ცოტა, ათიოდე მეტრი, უკან დახევა, შესუსტება.
ახლა რუსების ყველაზე სერიოზული ჯგუფები აღმოსავლეთით და სამხრეთით არიან - ოკუპანტები კონცენტრირდებიან, რათა ამ ადგილებში სხვადასხვა ტაქტიკა გამოიყენონ", - თქვა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა.
რეზნიკოვი ამბობს, რომ რუსი ოკუპანტები არ დაბრუნდებიან ხერსონში, რადგან გაქცევისას მათ ყველა ხიდი და გადასასვლელი გადაწვეს. მისი თქმით, ისინი ზაპოროჟიეს მიმართულებით გადაადგილდებიან. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ ახლა მთავარი რისკები არის აღმოსავლეთით, სამხრეთით და ამის შემდეგ, ჩრდილოეთით. უკრაინის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, "ქალაქებიდან გაქცევის პანიკური მიზეზები არ არსებობს".