უკრაინის თავდაცვის მინისტრის, ოლექსი რეზნიკოვის განცხადებით, რუსეთის სამხედრო მარცხი გარდაუვალია.
"რუსეთის დემილიტარიზაცია. უკრაინის სამოქალაქო ობიექტების წინააღმდეგ ასობით მაღალი სიზუსტის რაკეტის გამოყენებით აგრესორი სახელმწიფო ამცირებს სამხედრო ობიექტებზე დარტყმის უნარს. აქედან ორი დასკვნა არსებობს:
- რუსეთის სამხედრო მარცხი გარდაუვალია
- რუსეთი ტერორისტული სახელმწიფოა," - თქვა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა.
10 ოქტომბერს, დილით, უკრაინის ოფიციალურმა პირებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ აფეთქებების ხმა ისმის კიევში, ჟიტომირში, ხმელნიცკში, დნიპროში, ვინაცაში და ტერნოპოლში.
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 83 რაკეტა გაისროლა. მათგან 41 უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემამ (AD) გაანეიტრალა. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, გენერალმა ვალერი ზალუჟნიმ განაცხადა.
უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის პრესსამსახურის ინფორმაციით, 10 ოქტომბერს, უკრაინის ქალაქებზე განხორციელებული მასიური სარაკეტო თავდასხმის შედეგად 20-მდე ადამიანი დაიღუპა, 100-ზე მეტი კი დაშავდა.