logo
ENG



რეზნიკოვის თქმით, უკრაინელი სამხედროები Leopard-ის ტანკებზე პოლონეთში წვრთნებს გაივლიან

21 იან 202313:53
3 წუთის საკითხავი
 
2023/01/21/e6hhx9s1wq1g1ye.jpg

უკრაინის თავდაცვის მინისტრის, ალექსი რეზნიკოვი ამბობს, რომ უკრაინელი სამხედროები Leopard 2-ის ტანკებზე წვრთნებს პოლონეთში გაივლიან.

ამის შესახებ რეზნიკოვმა ამერიკული ხმის უკრაინულ ბიუროს მას შემდეგ განუცხადა, რაც გერმანიაში, რამშტაინის საჰაერო ბაზაზე შეკრებილმა მოკავშირეებმა ტანკების გადაცემაზე გადაწყვეტილება ვერ მიიღეს. Leopard 2-ის ტიპის ტანკების მესამე ქვეყნისთვის გადაცემა მისმა მწარმოებელმა ქვეყანამ, გერმანიამ უნდა დააკმაყოფილოს.

რეზნიკოვმა წვრთნების გამართვა გარღვევად შეაფასა და წარმატება პოლონეთის ძალისხმევით ახსნა.

"ჯერ ამით დავიწყოთ და შემდეგ წინ სვლას განვაგრძობთ", - თქვა რეზნიკოვმა.

რეზნიკოვმა იმედი გამოთქვა, რომ გერმანია ტანკების გადაცემაზე გადაწყვეტილებას მიიღებს.

"ამას ოპტიმისტურად ვუყურებ, რადგანაც პირველი ნაბიჯი გადადგმულია", - თქვა რეზნიკოვმა.

***

გერმანიას უკრაინისთვის ტანკების მიწოდებაზე გადაწყვეტილება არ მიუღია. ამავე დროს, ბერლინი უარყოფს ინფორმაციას, რომ ისინი განგებ და მხოლოდ თვითონ აფერხებენ Leopard 2-ის ტანკების გადაცემას. 

20 ივნისს გერმანიაში, რამშტაინის საჰაერო ბაზაზე NATO-სა და მოკავშირე ქვეყნების თავდაცვის მინისტრები შეხვდნენ, სადაც უკრაინისთვის მორიგი სამხედრო დახმარება უნდა განეხილათ.

გერმანიის თავდაცვის მინისტრმა პისტორიუსმა თქვა, რომ ვერ იტყვის როდის იქნება ტანკებზე გადაწყვეტილება მიღებული, მაგრამ ბერლინი მზადაა სწრაფად იმოქმედოს, თუ მოკავშირეები კონსენსუსს მიაღწევენ.

"ყველა მომხრე და მოწინააღმდეგე მხარე ძალიან ფრთხილად უნდა იქნას აწონილი", - თქვა მინისტრმა და ეს საკითხი პარასკევს განიხილებოდა, მაგრამ გადაწყვეტილება არ იყო მიღებული.

პისტორიუსმა არ თქვა, რომელი მოკავშირეები არიან ტანკების მიწოდების წინააღმდეგი.

როგორც ცნობილია, ზოგიერთი ევროპული ქვეყანა მზადაა, უკრაინას ტანკები გადასცეს, რაც ევროკომისარმა, ჯოზეფ ბორელმაც დაადასტურა. ფინეთმა განაცხადა, რომ უკრაინას 400 მილიონი ევროს სამხედრო დახმარებას გამოუყოფს და დასძინა, რომ Leopard-ის ტანკებსაც გადასცემს, თუ შესაბამისი შეთანხმება იქნება. ამავე დროს, პოლონეთის პრემიერმინისტრი ბერლინისგან მწვანე შუქს არ ელის. მთავრობაში განაცხადეს, რომ საჭიროების შემთხვევაში ტანკს მაინც გადასცემენ.

რამშტაინის ბაზაზე შეხვედრამდე ზელენსკიმ გააკრიტიკა გერმანია ტანკების საკითხის გამო და თქვა, რომ Leopard-ს მხოლოდ თავდაცვისთვის გამოიყენებენ და რუსეთის ტერიტორიაზე არ გადავლენ.

"თუ გაქვთ Leoprad-ის ტანკები, მოგვეცით", - განაცხადა მან გერმანიის საზოგადოებრივი ტელევიზიით.

იმას, თუ რატომ ითხოვს უკრაინა Leopard 2-ის ტანკებს, რამდენიმე მიზეზი აქვს. როგორც ექსპერტები ამბობენ, ევროპაში გერმანული წარმოებული ეს ტანკი ბევრია - დაახლოებით, 3000 სხვადასხვა ქვეყანაში. ამავე დროს, აღნიშნული ტანკი მარტივია ექსპლუატაციისთვის. Leopard-ის 13 ქვეყნის შეიარაღებულ ძალებშია, რაც ნიშნავს, რომ ევროპაში საკმარისი სათადარიგო ნაწილი და საბრძოლო მასალაა. გარდა ამისა, Leopard ცივი ომის დროს საბჭოთა T-90-ის კონკურენტად შეიქმნა, ეს უკანასკნელი კი კვლავ მრავლად არის რუსული არმიაში. 


close დახურვა