დნიპროპეტროვსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ვალენტინ რეზნიჩენკოს თქმით, რუსებმა დნიპროპეტროვსკის რეგიონი დაბომბეს, რის შედეგადაც 1 ადამიანი დაიღუპა, 5 კი დაშავდა.
რეზნიჩენკოს ცნობით, რუსულმა ძალებმა დნიპროპეტროვსკის რეგიონის ქალაქ ზელენოდოლსკის ცენტრი და სოფლები ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემით დაბომბეს.
"ზელენოდოლსკში ისინი [რუსები] ქალაქის ცენტრს უმიზნებდნენ. 1 ადამიანი დაიღუპა, 5 კი დაშავდა. ზელენოდოლსკსა და ველიკა კოსტრომკაში სახლები დაზიანდა და განადგურდა," - განაცხადა დნიპროპეტროვსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.