logo
ENG



რემდესივირზე დახარჯული თანხა არამიზნობრივი ხარჯია - აშშ-ში მოღვაწე ექიმის განმარტება

30 ნოე 202022:37
3 წუთის საკითხავი
 
2020/11/30/jbw5lhk86ha9zdd.jpg

ამერიკაში მოღვაძე ქართველი ექიმი ნანა გეგეჭკორი პრეპარატ რემდესივირზე ვრცელ პოსტს აქვეყნებს და ამბობს, რომ "მასზე დახარჯული თანხა არამიზნობრივი ხარჯია". 

კერძოდ, მედიკოსის განმარტებით, ჰოსპიტალიზირებულ პაციენტებში რემდესივირის გამოყენება არ ამცირებს სიკვდილიანობას. მისივე თქმით, ის მხოლოდ ნაწილობრივ ამცირებს დაავადების სიმპტომატური დღეების რაოდენობას.

"ამ პრეპარატის გამოყენების გამოცდილება მაქვს მისი გამოჩენის პირველივე დღიდან. ჩემი ჰოსპიტალი იყო ნაწილი პირველივე კვლევისა, რომელიც რემდესევირზე დაიწყო. ვერც ერთმა, აქამდე გამოქვეყნებულმა კვლევამ, ვერ დაადასტურა მისი გავლენა სიკვდილიანობაზე. ცხადია, როგორც ნებისმიერ პრეპარატს მასაც აქვს გვერდითი მოვლენები. მცირე ნაწილში შეუძლია გამოიწვიოს ღვიძლის მწვავე უკმარისობა. ჯერჯერობით ზუსტად არ ვიცით რა დოზაა იდეალური თირკმლის მსუბუქი უკმარისობისას. ზოგადად ნაკლებად ტოქსიკური პრეპარატია, თუმცა კოვიდის მკურნალობაში მისი წვლილი ნამდვილად არაა ფასის შესაბამისი. ამერიკულ ჯანდაცვას აქვს ფუფუნება, თუნდაც ძალიან ძვირადღირებული პრეპარატით შეუმსუბუქოს სიმპტომები ჰოსპიტალში მოხვედრილ ნებისმიერ პაციენტს. ნებისმიერ პაციენტს... რაც თანაბრად გულისხმობს არალეგალ, ღარიბ უცხოელსაც და ამერიკის მდიდარ მოქალაქესაც...

საქართველოში ამ პრეპარატზე დახარჯული თანხა არამიზნობრივი ხარჯია. რადგან იგივე ფასად, ქვეყანას შეუძლია კოვიდთან ბრძოლაში ბევრად უფრო ეფექტური არაინვაზიური ვენტილაციისთვის საჭირო მოწყობილობების შეძენა საკმარისი რაოდენობით. ვისაც რემდესევირზე ხელი არ მიგიწვდებათ გული არ დაგწყდეთ. ის ვერ გადაარჩენს თქვენს საყვარელ ადამიანებს. გადარჩენაა მთავარი თორემ სიმპტომებს ავიტანთ როგორმე...", - წერს ნანა გეგეჭკორი.  

ექიმი პირად გამოცდილებასაც იხსენებს და ამბობს, რომ პირველი ავადობის დროს პროტოკოლი მედიკოსების შემოწმებას არ ითვალისწინებდა, შესაბამისად არ იცის, ჰქონდა თუ არა პანდემიის დაწყებისას კოვიდ19 თუ სტანდარტული ვირუსი. მედიკოსი წერს, რომ მეორედ ავად უკვე 14 ოქტომბერს გახდა. 

"14 ოქტომბერს სავარაუდოდ მეორედ გავხდი ავად კოვიდით. პირველად აპრილში ვიავადმყოფე. მაშინაც იგივე სიმპტომებით, ძალიან მსუბუქად გამოხატულით, მხოლოდ 3-4 დღით. იმ პერიოდში ჩემს ჰოსპიტალში არსებული პროტოკოლი თანამშრომლების ტესტირებას არ ითვალისწინებდა. შესაბამისად მეც უარი მითხრეს ტესტირებაზე. ამდენად რთულია ზუსტად ვიცოდე ვიყავი თუ არა ავად ორჯერ, თუმცა ჩემი მეუღლის ავადმყოფობა იმავე პერიოდში ამაზე მიუთითებს. მისი ერთადერთი კონტაქტი მაშინ მე ვიყავი. ამჯერად საკმაოდ სერიოზულად ვიყავი ავად. ფილტვების ერთი მესამედი კოვიდ პნევმონიამ დამიზიანა. ასევე აღმენიშნებოდა სერიოზული ნეიროტოქსიკურობა. ზუსტად 20 დღე გაგრძელდა მაღალი სიცხეები. ცხადია, მთელი სამსახური მადევნებდა თვალს, ავადმყოფობის პერიოდი სახლში გავატარე. ჩვენმა გამოცდილმა რეანიმატოლოგებმა მირჩიეს იმუნიტეტს მივნდობოდი. თუმცა აუცილებლად აღვნიშნავ, არ მივეკუთვნებოდი არანაირ რისკჯგუფს. ვარ სრულიად ჯანმრთელი, არამწეველი, ნორმალურზე დაბალი წონის, აქტიურად ნავარჯიშები. ცხადია, ამან განაპირობა ის, რომ ფილტვების ასეთი მძიმე დაზიანების პირობებშიც კი სუნთქვის უკმარისობა მინიმალურად მქონდა გამოხატული. ერთხელ უკვე ვთქვი და გავიმეორებ, მთელი ავადმყოფობის პერიოდში არ მიმიღია არც ერთი პრეპარატი გარდა სიცხის დამწევისა...

მქონდა შესაძლებლობა ვყოფილიყავი ჰოსპიტალში და მემკურნალა რემდესევირით, სტეროიდით და ანტისხეულების კოქტეილით. მემკურნალა იგივე პროტოკოლით როგორც უმკურნალეს ტრამპს. ამაზე უარი ვთქვი ჩვენი გამოცდილი ექიმების რჩევით. ჩემი გადაწყვეტილება ემყარებოდა აქამდე გამოქვეყნებული კვლევების მონაცემებსა და ამ წუთისთვის არსებულ მკურნალობის სტანდარტებს. ჩემთვის ავირჩიე მკურნალობის იგივე მეთოდი რასაც დავუნიშნავდი ნებისმიერ პაციენტს იგივე მონაცემებით. სწორი მოვლის პირობებში კოვიდ დაავადებულების აბსოლუტური უმრავლესობის გადარჩენა შეიძლება ძვირადღირებული მკურნალობის გარეშე. ამისათვის საჭიროა სწორად გაწვრთნილი და საკმარისი რაოდენობის მედპერსონალი შესაბამისი ეკიპირებით. ჯადოსნური წამლები ჯერ არ არსებობენ კოვიდ ისტორიაში. სიმშვიდე, მეცნიერულად დადასტურებული ცოდნა და მოწესრიგებულად ექიმის რეკომენდაციების შესრულება არის საუკეთესო იარაღი ამ ვირუსთან ბრძოლაში", - წერს ნანა გეგეჭკორი. 

ცნობისთვის, პრეპარატს, რომლის ეფექტიანობის თაობაზე მსოფლიოს წამყვანი სპეციალისტები დღემდე ვერ თანხმდებიან, ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ეროვნული ცენტრი 104 ათას დოლარად შეიძენს. ცნობილია, რომ თენგის ცერცვაძის კლინიკამ რემდესივირის შესყიდვაზე თანხმობა შესყიდვების სააგენტოსგან უკვე მიიღო, თუმცა დამატებითი განმარტებები ამ დრომდე არ გაკეთებულა.

 
 
 

close დახურვა