logo
ENG



რესპუბლიკელები კონკორდატის გაუქმებას მოითხოვენ

27 ნოე 201917:55
3 წუთის საკითხავი
 
mbldvpjs3fjr80z.jpg

„რესპუბლიკურ პარტიაში“ სახელმწიფოსა და მართლმადიდებლურ ეკლესიას შორის დადებული კონკორდატის გაუქმებას მოითხოვენ. ოპოზიციურ პარტიაში აცხადებენ, რომ 2020 წლის ბიუჯეტით საპატრიარქოს დაფინანსება კიდევ უფრო იზრდება, რაც ისედაც მავნე პრაქტიკას კიდევ უფრო აღრმავებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ პარტია ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს შემაფერხებელ ფაქტორად ქვეყანაში სეკულარიზმის ფაქტობრივი არარსებობის პრობლემას მიიჩნევს.

„პოსტსაბჭოთა საქართველოს გამოცდილებამ დაადასტურა, რომ საერო და სასულიერო ხელისუფლების ურთიერთობამ მიიღო უკანონო და საშიში სახე. ეროვნული მოძრაობის დროს პოპულარული იყო მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების იდეა. შევარდნაძის მმართველობის საწყის ეტაპზე საპატრიარქო რელიგიის შესახებ ისეთი კანონის მიღებას მოითხოვდა, რომელიც ფაქტიურად სახელმწიფო რელიგიის რანგში განიხილავდა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას. 1995 წლის კონსტიტუციის მიღებისას მოხერხდა ამ ინიციატივისგან თავის არიდება. შევარდნაძის მმართველობის ბოლო სტადიაზე საპატრიარქო იმდენად შეეზარდა ხელისუფლებას და ისე მოძლიერდა, რომ სახელმწიფო რელიგიის ალტერნატივად ხელისუფლებამ და ოპოზიციამ კონკორდატის მიღება მიიჩნია საჭიროდ. ამან ერთხანს კი დააბალანსა ვითარება, მაგრამ ამჟამად სრულიად ამოწურულია ამ ხელშეკრულების პოზიტიური რესურსი“, - ვკითხულობთ განცხადებაში.

„რესპუბლიკური პარტიის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ეკლესიასა და ხელისუფლებებს შორის პარტნიორობა განსაკუთრებით აშკარა ხდება წინასაარჩევნო პერიოდებში.

„ძალაუფლებით ვაჭრობა ორმხრივად განსაკუთრებით ღია და თვალსაჩინო ხდება წინასაარჩევნო პერიოდებში. აშკარაა ორმხრივი “პარტნიორობის” სარგებლიანობა, რითაც საბოლოო ჯამში ფერხდება უფრო დიდი რამ - სახელმწიფოს დემოკრატიული განვითარება, ილახება კონსტიტუციით აღიარებული ადამიანის უფლებები. 21-ე საუკენეში თანასწორობისთვის ბრძოლა სიცოცხლისთვის ბრძოლის ტოლფასი გახდა", - წერია პარტიის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ რესპუბლიკელები 2017 წელსაც გამოვიდნენ საპატრიარქოსთვის დაფინანსებისა და მიწების უსასყიდლოდ გადაცემის შეწყვეტის ინიციატივით, თუმცა ინიციატივას შედეგი არ მოჰყოლია.


close დახურვა