logo
ENG



რესპუბლიკელები მანდატებზე უარს მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ იტყვიან

11 დეკ 202010:01
3 წუთის საკითხავი
 
2020/12/11/vluj1715rrgojlo.jpg

რესბუბლიკური პარტია განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ პარტიის წევრები ხათუნა სამნიძე და თამარ კორძაია საპარლამენტო მანდატებზე უარს ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ იტყვიან. 

რესპუბლიკელები აცხადებენ, რომ ისინი პარლამენტში არ შევლენ, რადგან საპარლამენტო ორგანოს მანდატები მათ, ძირითადად, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ამომრჩეველმა მიანიჭათ.

"ჩვენ, რესპუბლიკელები ხათუნა სამნიძე და თამარ კორძაია არ შევდივართ პარლამენტში, რადგან ჩვენთვის მნიშვნელოვანია ის, რომ პარტიას ეს 2 მანდატი მოგვანიჭა ძირითადად ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ამომრჩეველმა. ამავე დროს, რადგან გრძელდება მოლაპარაკებების პროცესი საერთაშორისო ფასილიტაციით და მასში მონაწილეობა მნიშვნელოვანია შექმნილი კრიზისის გათვალისწინებით, ჩვენს მიერ ხელმოწერილი განცხადებებით საპარლამენტო მანდატებზე უარის თქმის თაობაზე პარლამენტს მივმართავთ დაუყოვნებლივ ამ პროცესის დამთავრების შემდეგ", - ნათქვამია პარტიის განცხადებაში.

ამავდროულად, რესპულიკური პარტიის წევრები აცხადებენ, რომ მხარეებს შორის შეთნხმების მიღწევის სივრცეები სულ უფრო ვიწროვდება და აქედან გამომდინარე, ბოიკოტის რეჟიმის პარალელურად, აგრძელებენ მოლაპარაკებების პროცესის მხარდაჭერას.

მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა, პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, დღეს, 11 დეკემბერს 12:00 საათზე გაიხსნება. სხდომას პრეზიდენტი ზურაბიშვილი გახსნის, დარბაზში კი მხოლოდ ქართული ოცნების დეპუტატები ისხდებიან. 

საკანონმდებლო ორგანოში სხდომის მიმდინარეობის პარალელურად, ბარიერგადალახული 7 ოპოზიციური პარტია, ახალგაზრდობის სასახლის წინ, საპარლამენტო უფლებამოსილების შეწყვეტასა და პარტიული სიების ჩახსნასთან დაკავშირებით მემორანდუმს მოაწერს ხელს. ამით, ოპოზიციური პარტიები დემონსტრაციულად გამოუცხადებენ, მათივე შეფასებით, არალეგიტიმურ, გაყალბებული არჩევნების შედეგად მიღებულ პარლამენტს.

ხელის მოწერის ცერემონიაში მონაწილეობას არ მიიღებს გირჩი, თუმცა ისინი მაინც უარს ამბობენ საპარლამენტო მანდატებზე და სიებსაც აუქმებენ. 

ხელის მოწერის ცერემონიაში მონაწილეობას არ ღებულობს არც პარტია მოქალაქეები, მაგრამ ისინი საპარლამენტო მანდატებზე ამ ეტაპზე უარს არ ამბობენ და აცხადებენ, რომ მათთვის მისაღები საარჩევნო რეფორმის სანაცვლოდ და პოლიტპატიმრების გამოშვების შემდეგ პარლამენტში შევლენ. ალეკო ელისაშვილის თქმით, ოპოზიცია ხელისუფლების შეთავაზებას უნდა დათანხმდეს, დაუმტკიცოს მას, რომ არჩევნებზე ოცნების სანაცვლოდ 1%-ზე მეტი ცდომილება იყო და მმართველ გუნდს ამ გზით აიძულოს დანიშნოს ხელახალი არჩევნები. 


close დახურვა