logo
ENG



რესპუბლიკურის თანამშრომლებმა პარასკევს ჯანდაცვის სამინისტროსთან აქცია დააანონსეს

24 იან 202420:21
3 წუთის საკითხავი
 
2024/01/24/0q5x2be4vaj76j9.png

რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლები პარასკევს, 26 იანვარს ჯანდაცვის სამინისტროსთან აქციას აანონსებენ. ამის შესახებ რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმმა, მალხაზ გოგუამ დღეს საავადმყოფოსთან გამართულ აქციაზე ისაუბრა.

"საქართველოს უნგრევენ ყველაზე დიდ საავადმყოფოს. პარასკევს, სამ საათზე ჯანდაცვის სამინისტროს წინ ვგეგმავთ აქციას, მოვუწოდებთ ჩვენს კოლეგებს, მოსახლეობას, მხარი დაგვიჭირონ", - განაცხადა მან.

22 იანვარს, ცნობილი გახდა, რომ თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს შენობას დაანგრევენ.

პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, სპეციალისტების დასკვნით, იმისთვის, რომ კლინიკამ საერთაშორისო სტანდარტები დააკმაყოფილოს, შენობის რეკონსტრუქცია ძირითად შემთხვევაში შეუძლებელი და არარენტაბელურია, შესაბამისად, იგეგმება ძველი შენობის დემონტაჟი და რესპუბლიკური საავადმყოფოს ბაზაზე აშენდება მრავალპროფილური, მაღალტექნოლოგიური სამედიცინო დაწესებულება, ახალი რესპუბლიკური საავადმყოფო.

საკითხთან დაკავშირებით მთავრობის ადმინისტრაციამ დამატებით ინფორმაცია გაავრცელა. მათი მტკიცებით, "თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს ბაზაზე ახალი, თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების სახელმწიფო კლინიკა აშენდება. მრავალპროფილური, მაღალტექნოლოგიური სამედიცინო დაწესებულება ყველა ძირითად სამედიცინო მიმართულებას დაფარავს".

მოგვიანებით ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ "რესპუბლიკური საავადმყოფოს თითოეული თანამშრომელი უზრუნველყოფილი იქნება დასაქმების ალტერნატიული შეთავაზებით, თუ ღირსეული კომპენსაციით".


close დახურვა