logo
ENG



რესტორატორები ხელისუფლებას 2-დღიან ვადას აძლევენ და დაუმორჩილებლობას აანონსებენ

30 იან 202117:18
3 წუთის საკითხავი
 

კანცელარიასთან შეკრებილი რესტორატორები, რომლებიც მთავრობის მიერ ერთი თვით გახანგრძლივებულ საკარანტინო შეზღუდვებს აპროტესტებენ, აცხადებენ, რომ ხელისუფლების მხრიდან შემხვედრი ნაბიჯების არარსებობის შემთხვევაში 2 თებერვლიდან დაუმორჩილებლობის რეჟიმზე გადავლენ და მუშაობას ჩვეულ რეჟიმში, შეზღუდვების საწინააღმდეგოდ, აღადგენენ. 

რესტორატორების პროტესტი რამდენიმე დღის წინ დაიწყო, როდესაც 80-მდე ქართულმა რესტორანმა განაცხადა, რომ შეზღუდვების პროტესტის მიზნით, 24 საათის განმავლობაში მიტანისა და გატანის სერვისს გააუქმებდნენ. 

მას შემდეგ საპროტესტო ონლაინპლატფორმას 200-მდე რესტორანი შეუერთდა. პროტესტის მონაწილე რესტორატორები აცხადებენ, რომ შეზღუდვების ნაწილობრივ გაუქმების და საქმიანობის წარმოების არაღდგენის შემთხვევაში, მათი ბიზნესებს გაკოტრება ემუქრება. 

კანცელარიასთან შეკრებილმა რესტორატორებმა ხელისუფლებას მოთხოვნების შესასრულებლად 2 დღიანი ვადა მისცეს. მათ მოთხოვნებს შორის არის ასევე საქალაქთაშორისო და მუნიციპალური ტრანსპორტის აღდგენაც. 

22 იანვარს საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ მთავრობამ თებერვლიდან ქვეყნის გარკვეულ ნაწილში შეზღუდვების გახანგრძლივება დააანონსა, კერძოდ, რამდენიმე ქალაქში აღდგება ტრანსპორტი და სწავლა სკოლებში, თუმცა დიდ ქალაქებში, მათ შორის, დედაქალაქში ტრანსპორტი და სკოლები მარტამდე არ აღდგება. 

სად რა შეზღუდვები იხსნება ან რჩება მარტამდე სრულად იხილეთ აქ.


close დახურვა