ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ედგარ რინკევიჩის განცხადებით, NATO-ს ქვეყნებმა უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერებაზე უნდა იფიქრონ, რათა თავიანთი ტერიტორიები დაიცვან.
რინკევიჩის თქმით, პოლონეთში რაკეტის ჩამოვარდნის ინციდენტი ადასტურებს უკრაინის მოსაზღვრე NATO-ს ქვეყნების მხრიდან დამატებითი საჰაერო თავდაცვის სისტემების შეძენის აუცილებლობას. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ ლატვია აძლიერებს საჰაერო თავდაცვას.
15 ნოემბერს, რუსეთის მიერ უკრაინის მიმართულებით ნასროლი რაკეტებიდან 2 პოლონეთის ტერიტორიაზე, უკრაინის საზღვართან ახლოს მდებარე ქალაქში ჩამოვარდა. შემთხვევის შედეგად დაიღუპა 2 ადამიანი. ქვეყნის პრემიერმინისტრმა, მატეუშ მორავეცკიმ ამ დღეს "კრიზისული სიტუაციის გამო", უსაფრთხოებისა და თავდაცვის კომიტეტის სასწრაფო სხდომა მოიწვია.