logo
ENG



როგორ დაყვეს საქართველო 30 მაჟორიტარულ ოლქად - ფორმულას ექსკლუზივი

23 მაი 202019:46
3 წუთის საკითხავი
 

არჩევნები შერეული პრინციპით - 30 მაჟორიტარული ოლქი ქვეყნის მასშტაბით. "ფორმულამ" გაარკვია, თუ როგორ დაყვეს საქართველო 30 ნაწილად.

კანონპროექტის მიხედვით, რომლის განხილვაც საკანონმდებლო ორგანოში რამდენიმე კვირაში დაიწყება, 30 მაჟორიტარული ოლქიდან 12 დასავლეთ, 18 კი აღმოსავლეთ საქართველოშია. 

სქემის მიხედვით, რომელიც „ფორმულამ“ მოიპოვა,  რაჭა-ლეჩხუმი-სვანეთი, სადაც ჯამში 5 რაიონია, ერთი მაჟორიტარული ოლქი იქნება. 3 მაჟორიტარულ ოლქად იყოფა სამეგრელო. ფოთს, ხობსა და სენაკს 1 დეპუტატი ეყოლება, აბაშას, მარტვილს, ჩხოროწყუსა და წალენჯიხასაც - 1, მესამე ოლქი სამეგრელოში ზუგდიდი იქნება. რეგიონებს შორის ყველაზე მეტ - 4 მაჟორიტარულ ოლქადაა გაყოფილი იმერეთი. ვანის, სამტრედიის, ხონის და წყალტუბოს ამომრჩეველი საერთო მაჟორიტარს აირჩევს. ერთი ოლქი იქნება ბაღდათი, ზესტაფონი, თერჯოლა და ტყიბული. ერთ ოლქად გაერთიანდება ხარაგაული, ჭიათურა და საჩხერეც. ცალკე მაჟორიტარი ეყოლება ქუთაისს.

გურიას ერთი მაჟორიტარი დეპუტატი ეყოლება, აჭარას - 3. ქედა, შუახევი, ხულო და ხელვაჩაურის ნაწილი ერთი ოლქი იქნება. ხელვაჩაურის მეორე ნაწილს ქობულეთთან ერთად ცალკე მაჟორიტარი ეყოლება. მესამე საარჩევნო ოლქი იქნება ბათუმი, რომელსაც აჭარაში  ყველაზე მეტი ამომრჩეველი ჰყავს. ასე  დაიყოფა შიდა ქართლი ორ საარჩევნო ოლქად. ქვემო ქართლს 3 მაჟორიტარი დეპუტატი ეყოლება. სამცხე-ჯავახეთიც ორ ოლქად იყოფა. მცხეთა-მთიანეთში შემავალ ყაზბეგს, დუშეთს, მცხეთას და თიანეთს 1 მაჟორიტარი დეპუტატი ეყოლება. კახეთი კი 2 ოლქად იყოფა. საგარეჟოს, გურჯაანს, სიღნაღს და დედოფლისწყაროს ერთი დეპუტატი, მეორე კი ახმეტას, თელავს, ყვარელს და ლაგოდეხს ეყოლება.

თბილისში მაჟორიტარი დეპუტატების რაოდენობა 22-დან 8-მდე შემცირდება. პირველი - მთაწმინდა -კრწანისი.  ვაკე, საბურთალო, ისანი, სამგორი, დიდუბე-ჩუღურეთი, ნაძალადევი, გლდანი.  5 თვეში არჩევნებია. ამომრჩეველმა მე-10 მოწვევის პარლამენტი უნდა აირჩიოს. 


close დახურვა