logo
ENG



როგორ უმკლავდებიან თავისუფლებას მიჩვეული ახალგაზრდები თვითიზოლაციას

26 აპრ 202022:20
3 წუთის საკითხავი
 

რა გამოწვევის წინაშე დგანან თავისუფლებას მიჩვეული ახალგაზრდა თაობის წარმომადგენლები პანდემიის პირობებში, იძულებით თვითიზოლაციაში?

თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტისთვის, ნიკა გოგიჩაიშვილისთვის იძულებითი თვითიზოლაცია განსაკუთრებით რთული აღმოჩნდა. მისი თქმით,  პროფესია ცოცხალ ემოციებს მოითხოვს და ონლაინ სპექტაკლის აწყობა რთულია.

„ვსწავლობ თეატრალურ უნივერსტეტში. ვმუშაობ კლუბ „ბასიანში“. კორონამდე მქონდა რეპეტიციები, ხანდახან გადაღებებიც. ძალიან ცოცხალი პროფესიაა და როცა დისტანციურ რეჟიმში ეკრანზე უყურებ პარტნიორს, რაღაც უნდა მოდიოდეს ისეთი, რაც დაბადებს რაღაცა ბუნებრივს. ძალიან რთული იქნება ზუმში სპექტაკლის აწყობა“, - განაცხადა ნიკა გოგიჩაიშვილმა.

თვითიზოლაცია რთული აღმოჩნდა სამოქალაქო აქტივისტებისთვისა, რომლებიც აქტიურ ცხოვრებასა და განსხვავებულ ადამიანებთან ურთიერთობას მიჩვეულები იყვნენ. როგორც ნიკა ფარულავა აცხადებს, საზოგადოებას ამ ვითარებაშიც უნდა ახსოვდეს ის, რომ ხელისუფლება მათ წინაშე ანგარიშვალდებულია, თუმცა მისივე თქმით, ახლა გარეთ გამოსვლისა და პროტესტის დრო მათი მხრიდან უპასუხისმგებლობაა.

„ძალიან რთულია ფსიქოლოგიურად, როდესაც ამხელა აქტიური ცხოვრების შემდეგ, როცა უამრავ განსხვავებულ ადამიანთან გაქვს ურთიერთობა ოთხ კედელში ჩაჯდე, ყველაფერი დაივიწყო, მოსწყდე სამყაროს და პირდაპირი კონტაქტი არ გქონდეს თუნდაც მეგობრებთან. მკაცრი საგანგებო მდგომარეობა გვაქვს და უპასუხისმგებლობა იქნება გარეთ გამოხვიდე და რაღაც აპროტესტო... საგანგებო სიტუაციის  დროსაც უნდა გვახსოვდეს, რომ ხელისუფლება ანგარიშვალდებულია საქართველოს მოქალაქეების მიმართ და ის, რომ რუსეთი ოკუპანტია“, - განაცხადა ნიკა ფარულავამ.

ახალ რეალობასთან შეგუება გაუჭირდათ ახალი თაობის ექიმებსაც. როგორც ნინო კვირტია აცხადებს, ახალგაზრდა ექიმებისთვის მოცემული ვითარება გამოწვევა იყო და უფროსი თაობის ექიმების გამოცდილება მათთვის გადამწყვეტი იყო.

„ჩემთვის თავიდან იყო გაურკვევლობა, მაგრამ შემდეგ სტრესთან ერთად მივეჩვიე ყოველდღიურ საქმიანობას. მაღელვებდა ისიც, რომ ჩემი მიზეზით არ მევნო სხვისთვის. ჩვენ ყოველდღიურ ფორმას დაემატა დაცვის სხვა საშუალება, რომელსც ყოველდღიურად არ ვიყენებდით. ორმხრივი დაცვის მომენტი ამოქმედდა ჩვენთან, ჩვენ ვიცავდით უფროს ექიმებს, რომლებსაც ვთვლით, რომ უფრო რისკის ქვეშ არიან და უფროსი ექიმები გვიცავდნენ ჩვენ. თავიდანვე მივხვდით, რომ შევდიოდით საომარ მდგომარეობაში და რადგან ჩვენ გამოცდილება არ გვაქვს, მათი გამოცდილება გადამწყვეტი იყო ამ სიტუაციაში. ბრძოლის ველია სადაც შენს დროს უნდა დაელოდო“, - აცხადებს ნინო კვირტია.

 


close დახურვა