გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსი, ხათუნა ზახაშვილი განმარტავს, როგორ უნდა გამოვიყენოთ სწორად პირბადე, რომელიც აუცილებელია ახალი კორონავირუსისგან თავის დასაცავად.
ზახაშვილის თქმით:
"ყველაზე უფრო ეფექტიანი არის სამშრიანი სამედიცინო ნიღაბი, შემდეგ ორშრიანი ნიღაბი, თუმცა გარკვეული შემაკავებელი უნარი გააჩნია ნაჭრის მრავალშრიან ნიღბებსაც.
რაც უფრო მეტშრიანია პირბადე, ალბათობა იმისა, რომ შეაკავებს ის ვირუსს, უფრო მაღალია. ნიღაბი ზოგს უკეთია მაგრამ ფორმალურად, ეფექტსმოკლებულია ნიღაბი, რომელიც არასწორად არის მორგებული სახეზე და არ იცავს ცხვირს და პირს ერთიანად.
მხოლოდ სამედიცინო ნიღაბი ვერ იქნება ვირუსის პრევენციის გარანტია, ამას თან უნდა ახლდეს რამდენიმე სწორი ქმედება, რისკის სწორად შეფასება, თუ სად იმყოფებით, ნიღბის ტარება, დისტანციის დაცვა და გარემოს ვენტილაცია", - განაცხადა ხათუნა ზახაშვილმა.
ხათუნა ზახაშვილის თქმით, მნიშვნელოვანია, სამედიცინო პირბადის გამოყენების დროს მუქი ფერი იყოს გარეთა მხარეს, ხოლო ღია ფერის - შიგნით.
ამასთან, დაუშვებელია სამედიცინო პირბადის გარეცხვა, გაუთოება და მეორედ გამოყენება.
"არასწორია წარმოდგენა, რომ სამედიცინო ნიღაბი ჯანმრთელ ადამიანებს უკუღმა უნდა გეკეთოთ, ანუ ღია ფერი გარეთ და მუქი ფერი შიგნით. სამედიცინო ნიღაბი, რომელიც ორფერინია, მუქი ფერი გარეთ უნდა იყოს, ეს არის წვეთების ამრეკლი შრე, ხოლო ღია ფერის შიგნით, რადგან ის არის შემწოვი, რომელიც თქვენგან გამოტყორცნილ წვეთებს შეაკავებს.
სამედიცინო ნიღაბი არის ერთჯერადი, რომელიც არ ექვემდებარება გარეცხვას, გაუთოებას და ხელმეორედ გამოყენებას. რაც შეეხება მოხმარების ხანგრძლივობას, ეს დამოკიდებულია იმაზე, სანამ ეს ნიღაბი არ დაინესტება. მუდმივი გამოყენება ფიზიკურად შეუძლებელია", - აცხადებს ზახაშვილი.