logo
ENG



როგორ შეარჩევენ ცესკოს ახალ თავმჯდომარეს შეცვლილი კოდექსით

30 ივნ 202114:19
3 წუთის საკითხავი
 
როგორ შეარჩევენ ცესკოს ახალ თავმჯდომარეს შეცვლილი კოდექსით

მას შემდეგ, რაც თამარ ჟვანიამ ცესკოს თავმჯდომარეობის პოსტი დატოვა, ახალი ხელმძღვანელის შერჩევა შეცვლილი საარჩევნო კოდექსით უნდა დაიწყოს. კანონმდებლობა 28 ივნისს დაამტკიცა პარლამენტმა. თავმჯდომარეობაზე ვაკანსიის გამოცხადებიდან ერთი კვირის ვადაში შერჩევის პროცედურები დაიწყება. 

ახალი წესით, საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტს წარუდგენს ცესკოს თავმჯდომარეობის 2 კანდიდატს. ამის შემდეგ, ძველი წესისგან განსხვავებით, ამ თანამდებობაზე პირს აირჩევს მხოლოდ პარლამენტი. მანამდე, თავმჯდომარეს პრეზიდენტის წარდგინებით ირჩევდა ცესკო სრული შემადგენლობის ორი მესამედით, ფარული კენჭისყრით, ან პარლამენტი. 

ამასთან, კანონში გაიწერა, რომ თუ ახალ თავმჯდომარეს დეპუტატთა მინიმუმ 2/3 (100 ხმა) დაუჭერს მხარს, მას 5 წლით აირჩევენ, ხოლო სხვა შემთხვევაში - 6 თვით. 

კერძოდ, თუ 2/3-ზე ნაკლები დეპუტატი დაუჭერს მხარს მას, საერთო რაოდენობის უმრავლესობა იქნება საჭირო, რომ კანდიდატი 6 თვით აირჩიონ ცესკოს თავმჯდომარედ. ამჟამად, ქართულ ოცნებას 84 მანდატი აქვს, ცესკოს თავმჯდომარის სრული ვადით ასარჩევად კი ოპოზიციის ხმებიც იქნება საჭირო. 

ეს იმას ნიშნავს, რომ შესაძლებელია, დეპუტატთა ნაწილისთვის არასასურველი კანდიდატის შემთხვევაში, 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნები 6 თვით არჩეულმა კანდიდატმა წარადგინოს.  

ცესკოს თავმჯდომარის კანდიდატურასა და ახალ წევრებს პრეზიდენტთან არსებული საკონსულტაციო საბჭო შეარჩევს.

სტრატეგის აღმაშენებლის დეპუტატი, პაატა მანჯგალაძე ფორმულასთან განმარტავს, რომ ახალი წესით, ამ საბჭოში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები შევლენ. მისი თქმით, აქამდე, საბჭო პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლებით იყო დაკომპლექტებული, მათი გადაწყვეტილება კი იყო გაუმჭვირვალე. ახალი წესით, საბჭომ უნდა დაასაბუთოს კანდიდატების შერჩევის მოტივაცია და საჯარო ოქმში გაწეროს. 

თავმჯდომარის გარდა, ცესკოს შემადგენლობაში განახლდება 2 ახალი პროფესიული ნიშნით შერჩეული წევრი, რომელსაც, ასევე პრეზიდენტი წარადგენს. სხვა ახალი წევრები პარტიების კომპონენტით დაემატება -  გარდა ენმ-სა და ქართული ოცნებისა, კიდევ 7 სუბიექტს ეყოლება წარმომადგენელი ცესკოში. 

როგორც შარლ მიშელის დოკუმენტშია მითითებული, განახლებულ კოდექსში ცესკოს შემადგენლობა 11-დან 17 წევრამდე გაიზრდება. მათ შორის არის ცესკოს თავმჯდომარე, მისი 2 მოადგილე და ცესკოს მდივანი. 

ახალი კანონით, ცესკოს 7 წევრს პრეზიდენტის წარდგინებით ირჩევს პარლამენტი, ხოლო ცესკოს არაუმეტეს 9 წევრს ნიშნავენ პარტიები.


close დახურვა