logo
ENG



როგორ ჩატარდება აღდგომას წირვა - საპატრიარქო გადაწყვეტილებას ხუთშაბათს გამოაცხადებს

12 აპრ 202020:05
3 წუთის საკითხავი
 
oqk8nklgax1qdw4.jpg

19 აპრილს მართმადიდებელი სამყარო აღდგომის დღესასწაულს აღნიშნვას, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, როგორ შესრულდება ღვთისმსახურება საქართველოში. საკუთარ გადაწყვეტილებას საპატრიარქო მომავალ ხუთშაბათს გამოაცხადებს.

დღეს ბზობის დღესასწაულთან დაკავშირებით წირვა ეკლესიებში კანონის დარღვევით ჩატარდა. ეკლესიებში დაცული არ იყო დისტანცია, ასევე დაირღვა შეზღუდვა, რომლის მიხედვითაც 3 კაცზე მეტის შეკრება აკრძალულია. ადგილზე საპატრულო პოლიცია მხოლოდ „ფორმულას“ გადამღები ჯგუფის გამოჩენის შემდეგ მივიდა. თუმცა სამართალდამცველებს კანონდამრღვევი მოქალაქეები არ დაუჯარიმებიათ.

ბზობის დღესასწაულზე ხალხმრავლობა იყო სამების საკათედრო ტაძარშიც. მრევლი დისტანციის დაცვას ცდილობდა. მათი ნაწილი გადაჭრით ამბობს, რომ კომენდანტის საათის მიუხედავად, სააღდგომო წირვას  დაესწრება, ნაწილი კი საპატრიარქოს გადაწყვეტილებას ელოდება.

მეუფე ნიკოლოზი წირვის დაწყებამდე აცხადებდა, რომ აღდგომის მსახურებაზე გადაწყვეტილება დიდი ხუთშაბათის შემდეგ გამოცხადდებოდა, თუმცა საპარტიარქოს სავარაუდო გეგმა დღეს მამა დემეტრემ სამების ამბიონიდან გაასაჯაროვა.

სასულიერო პირთა ნაწილი ხვალ საპატრიარქოში ჩამოსვლას გეგმავს. სინოდის წევრები საბოლოო გადაწყვეტილებას პატრიარქთან შეხვედრის შემდეგ გაასაჯაროვებენ.

როგორ ჩატარდება აღდგომის წირვა - ამ თემაზე პატრიარქს არ უსაუბრია. ილია მეორე ქადაგების დროს კორონავირუსის თემას შეეხო.

დაუშვებს თუ არა ხელისუფლება გამონაკლისს  მართლმადიდებელი ეკლესიისთვის, უცნობია. საჯარო განცხადებებში ოცნების ლიდერები  ამბობდნენ, რომ კანონს თავად ვერ დაარღვევენ, ამიტომ ღვთისმსახურებას სახლიდან მიადევნებენ თვალს. მრევლი საპატრიარქოს გადაწყვეტილებას ელის. თავად სასულიერო პირები კი არ აპირებენ, რომ მოქალაქეებს ეკლესიაში მისვლა აუკრძალონ.

 


close დახურვა